ძიუდო

19:45 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბუ დაბის გრან პრი არაქართულად ჩამთავრდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ დაბის გრან პრი წარუმატებლად დაიწყო და წარუმატებლადვე ჩაამთავრა. დღეს ტატამზე პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) გავიდნენ და შეჯიბრება ორივემ მოუგებლად დაასრულა.

ღვინიაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე ჰოლანდიელი ნოელ ვან ტენდი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა იპონით იმარჯვა. იპონითვე მოუმთავრა ხახალეიშვილს საქმე ალჟირელმა ბილალ ზუანიმ. არადა, შეხვედრის ბედის გადამწყვეტ ილეთამდე ქართველი მძიმეწონოსანი ორი იუკოთი იგებდა.

90 კილოგრამში პირველ ნომრად რუსი კირილ დენისოვი იყო განთესილი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჩემპიონი კი მისი ნახევარფინალში მძლეველი იტალიელი ვალტერ ფაცენტი გახდა. მძიმე წონაში ყველას რუსეთის ნაკრების წევრმა ასლან კამბიევმა აჯობა.

დღესვე მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდა. 81 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე სერგიუ ტომა ავიდა. 100-ში – გერმანელი დიმიტრი პეტერსი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სატურნირო განაცხადი ძირითადად ახალგაზრდა სპორტსმენებით შეავსო. ნაკრების მთავარ კანდიდატებს კი სამიოდ დღეში იაპონიაში იახლებს, ძიგორო კანოს ტრადიციულ ტურნირზე – გრანდ სლემზე საჭიდაოდ.

0.115974