ძიუდოს ქართველ გულშემატკივრებს წარმატების იმედი აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც ისევე გაუცრუვდათ, როგორც სხვა წონებში. ტოკიოს ტატამზე დღეს სამი ქართველი გავიდა – ალექსანდრე მსხალაძე, ადამ ოქრუაშვილი და ლევან ჟორჟოლიანი და სამივე საწყისი ეტაპიდანვე დაემშვიდობა შეჯიბრს. წინასწარი განაცხადის თანახმად, ტატამზე ლაშა გუჯეჯიანიც უნდა გასულიყო. კენჭისყრაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ რატომღაც დღეს დილით ბადიდან ამოიღეს.
მსხალაძე ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრალიელი ჯოშუა დალის ერთ წუთში ძლევის შემდეგ, იაპონელ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან სამწუთნახევარში დამარცხდა. ოქრუაშვილმაც მეორე წრიდან და გამარჯვებით დაიწყო შეჯიბრი და გამოცდილ პოლონელს, იანუშ ვოინაროვიჩს იუკოთი გასცდა, მაგრამ სახელოვან იაპონელ კეიჯი სუძუკისთან იპონს ვერ გადაურჩა. ჟორჟოლიანმა პირველსავე მოწინააღმდეგესთან – ესპანელ ანხელ პარასთან ქულებით წააგო.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი უმედლოდ ჩაამთავრა. საუკეთესო შედეგი 90 კილოგრამში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა აჩვენა – მე-5 ადგილი დაიკავა.
ოთარ მაღლაკელიძე







