ძიუდო

18:35 | 13.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

აბსოლუტური უმედლობის ჩემპიონატი

ტოკიოში, ქართული ძიუდოსთვის ავადმოსაგონარი მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ამირან ტოტიკაშვილის გუნდისთვის ტურნირის ბოლო, მეხუთე დღე – 13 სექტემბერი ისეთივე წარუმატებელი გამოდგა, როგორიც პირველი-ოთხი. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 3 ქართველი კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. უფრო ზუსტად კი, ჩემპიონატს საწყისი ეტაპიდანვე დაემშვიდობა.
ალექსანდრე მსხალაძე ერთადერთი იყო, ვინც ნაკრების თავკაცმა იაპონიაში მხოლოდ აბსოლუტურში საჭიდაოდ იახლა. ადამ ოქრუაშვილისა და ლევან ჟორჟოლიანის დაყენება კი უშუალოდ მსოფლიოს პირველობის მიმდინარეობისას გადაწყვიტა. დასკვნითი დღის განაცხადში ტოტიკაშვილმა ლაშა გუჯეჯიანიც შეიყვანა. ამ მძიმეწონოსანმა კენჭისყრაშიც მიიღო მონაწილეობა და “მსოფლიო სპორტმა” გუჯეჯიანის მოსალოდნელ მეტოქეზეც დაწერა, მაგრამ რატომღაც, შეჯიბრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბადიდან ამოიღეს.
მსხალაძე ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრალიელი ჯოშუა დალის ერთ წუთში ძლევის შემდეგ, იაპონელ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან სამწუთნახევარში დამარცხდა. ოქრუაშვილმაც მეორე წრიდან და გამარჯვებით დაიწყო შეჯიბრი და გამოცდილ პოლონელს, იანუშ ვოინაროვიჩს იუკოთი გასცდა, მაგრამ სახელოვან იაპონელ კეიჯი სუძუკისთან იპონს ვერ გადაურჩა. ჟორჟოლიანმა პირველსავე მოწინააღმდეგესთან – ესპანელ ანხელ პარასთან ქულებით წააგო.
აბსოლუტური წონა, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ჩემპიონატი, ყველაზე შედეგიანად მასპინძლებმა ჩაიჭიდავეს. ოთხი იაპონელიდან სამი: ჰიროკი ტაჩიამა, კეიჯი სუძუკი და დაიკი კამიკავა ნახევარფინალში გავიდა, კაზუჰიკო ტაკაჰაშის კი მეოთხედფინალში მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსანი, ტედი რინერი გადაეღობა. ფრანგმა გოლიათმა ცოტა ხანში ტაჩიამაც დაჩაგრა და ფინალში დაიკი კამიკავას დაუპირისპირდა. მესამე ევროპა-აზიური რკენა ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და უშედეგო ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ მსაჯებმა ჩემპიონად კამიკავა გამოაცხადეს.
საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონელებმა იმდენი ქულა დააგროვეს, სხვა დანარჩენი ქვეყნები ერთადაც რომ გამოსულიყვნენ, პირველ ადგილს მაინც მასპინძლები დაეუფლებოდნენ. საქართველოს ნაკრებმა ოცდამეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ რადგან ქართული დელეგაცია მხოლოდ მამაკაცი ძიუდოისტებით იყო დაკომპლექტებული, ჩვენც მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაზე გადავერთოთ. ამირან ტოტიკაშვილის გუნდს ჩასათვლელი ქულები ვარლამ ლიპარტელიანმა (მე-5 ადგილი), დავით ასუმბანმა და ლაშა გუჯეჯიანმა (ორივე მე-7 ადგილი) მოუტანეს და მე-16 პოზიცია დააკავებინეს.
საქართველოს ნაკრები ორიოდ დღეში თბილისში იქნება და სავარაუდოდ, როგორც გუნდის ხელმძღვანელობაში, ისე ძიუდოს ფედერაციაში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.


ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
ტოკიო. 13 სექტემბერი

აბსოლუტური წონა

კაცები
1 დაიკი კამიკავა (იაპონია)
2 ტედი რინერი (საფრანგეთი)
3 ჰიროკი ტაჩიამა (იაპონია)
3 ლეიჯი სუძუკი (იაპონია)

ქალები
1 მიკა სუგიმოტო (იაპონია)
2 ქიან ქინი (ჩინეთი)
3 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)
3 თეა დონღუზაშვილი (რუსეთი)

გუნდური ჩათვლა
კაცები

  ო  ვ  ბ  VII
1 იაპონია 4 1 5 1 1
2 საფრანგეთი 1 1 3 0 1
3 სამხრეთ კორეა 1 0 1 0 0
4 უზბეკეთი 1 0 0 4 0
5 საბერძნეთი 1 0 0 4 0
6 ბრაზილია 0 2 0 2 1
7 ჰოლანდია 0 2 0 0 2
8 უკრაინა 0 1 0 1 0
9 გერმანია   0 1 0 0 0
10 რუსეთი 0 0 2 2 2
11 მონღოლეთი 0 0 1 2 0
12 აზერბაიჯანი 0 0 1 1 1
13 კუბა 0 0 1 1 1
14 ეგვიპტე 0 0 1 1 1
15 ბრიტანეთი 0 0 1 1 1
16 საქართველო 0 0 0 1 2
17 იტალია 0 0 0 1 0
18 ესპანეთი 0 0 0 1 0
19 ავსტრია 0 0 0 0 2
20 ჩინეთი 0 0 0 0 1
21 უნგრეთი 0 0 0 0 1
22 ყაზახეთი 0 0 0 0 1
23 ყირგიზეთი 0 0 0 0 1

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090486