კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი, რომელიც 402-დღიანი განშორების შემდეგ, საფეხბურთო მოედანს შაბათს დაუბრუნდა, “მალიორკასთან” გამართული თამაშის შემდეგ კომენტარს აკეთებს. 33 წლის უკანახაზელის თქმით, მას საკუთარი თავისთვის დაბრუნების პირობა ჰქონდა მიცემული.
ერიკ აბიდალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავის ბიძაშვილს, რომელიც, ოპერაციის დროს, მისი დონორი იყო.
“ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. უპირველესად, მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს ბიძაშვილს. ის რომ არა, დღეს აქ არ ვიქნებოდი.
ვითამაშებ თუ არა პსჟ-ს წინააღმდეგ? შესაძლოა, ვითამაშო. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ თამაში კიდევ არაერთხელ მომიწევს. მთავარია, რომ გუნდს კვლავ ვჭირდებოდე.
რამდენიმე კვირის წინათ, ჩემი კარიერა საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მოედანზე დავბრუნდებოდი და ამ პირობის შესასრულებლად ბევრი რამ გავაკეთე.” – აცხადებს აბიდალი, რომელმაც “მალიორკასთან” 5:0 მოგებულ შეხვედრაში 20 წუთი ითამაშა.