ბლოგი

12:15 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბედი პელე და მამაშვილობა

არავინ იცის რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ასრულდეს ჭეშმარიტად ქართული ოცნება და ჩვენმა შვილებმა მსოფლიოს დიდ და სახელოვან საფეხბურთო ჩემპიონატებში ითამაშონ. თუკი მამას ფეხბურთი უყვარს და ვაჟიშვილიც ჰყავს, ბუნებრივია, რომ შვილის დაბადებისთანავე ებღაუჭება ბავშვის გაფეხბურთელების იდეას და ეს ამბები შეიძლება ძილშიც კი ეს ესიზმრება. მაგრამ, სამწუხაროდ ოცნებები ძალიან იშვითად ხდება.

თუკი შვილს ფეხბურთი მცირე ასაკიდანვე აინტერესებს, ეს მართლაც სასიხარულო რამაა, მაგრამ შვედი ფსიქოლოგის, ოსიენ ჰანსენის დაკვირვებით, მშობლების გამუდმებული ჩიჩინი და ერთიდაიმავე ფენომენის (ამ შემთხვევაში ფეხბურთის) განსაკუთრებულად წარმოჩენის სურვილი ბავშვში პროტესტს აჩენს და ამ გზით შესაძლებელია გულაცრუებული, საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ანდა კიდევ უფრო უარესი – სპორტის მოძულე ადამიანი მივიღოთ.

თუკი ბავშვი სპორტზე მხოლოდ და მხოლოდ მშობლების ჩიჩინით დადის, მისი ეს თვისება და დამჯერი ხასაითი ერთი შეხედვით ძალიან კარგია, რადგან ალბათ ბევრი მშობელი ოცნებობს შვილზე, რომელიც მას ყველაფერს დაუჯერებს, თუმცა ასეთი არაფრისმომცემი და ნაძალადევი სპორტსმენი იმ ვეგეტარიენლს ჰგავს, რომელიც მეგობარი ყასაბის თხოვნით ბაზარში ხორცს ყიდის და თან დაფარული ზიზღისაგან გული ეკუმშება.

ცნობილი აფრიკელი ფეხბურთელი, აბედი პელე, თავის ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში მის ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ შვილის ფეხბურთელობა მამამისსაც ძალიან სურდა, მაგრამ რაკი მის ოჯახს (ისევე როგორც აფრიკული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას) ეკონომიკურად ძალიან უჭირდა, თავის ამ სურვილსა და ოცნებას შვილს საგულდაგულოდ უმალავდა.

”როდესაც პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მამაჩემი უკვე ცუდად იყო და სავადმყოფოში იწვა. კონტრაქტის ფურცელი საავადმყოფოში მივუტანე და მაშინღა გამომიტყდა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ფეხბურთელ შვილზე, თუმცა ეს მიუღწეველ და შორეულ სურვილად ესახებოდა. მამაჩემის მადლიერი პირველ რიგში იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის არ დაუწყია ჩიჩინი – გინდა თუ არა ფეხბურთელი გახდიო. ალბათ ყველა ბავშვს საკუთარი მონდომებით მიღწეული წარმატება უფრო მეტად ახარებს, ვიდრე ვინმეს მიერ თავსმოხვეული სურვილის განხორციელება” – ამბობს აბედი პელე.

საქართველო აფრიკა ნამდვილად არ არის და წარმოუდგენელია, რომ აქ მამამ შვილის ფეხბურთელობის სურვილი მხოლოდ გაჭირვების გამო დამალოს, მაგრამ საქართველოში სულ სხვა პრობლემებია თავმოყრილი და როგორც ჩვენი სამამულო ფეხბურთის ამბებში კარგად ჩახედული ხალხი ამბობს, ქართველი ”მამის სინდრომი” (ჩვენ ადრე უკვე ვწერდით “მამის სინდრომის” შესახებ) ბევრი ბავშვისათვის არის შემაფერხებელი ფაქტორი.

”მამაჩემმა როცა ფეხბურთზე მიმიყვანა, 11 წლის ვიყავი. ვარჯიშებზე თავადაც თავისუფლად შემეძლო სიარული, მაგრამ მამაჩემი როგორც იტყვიან ”თავზე ადგა” მწვრთნელს და გამუდმებულად სთხოვდა, რომ ძირითად შემადგენლობაში ვეთამაშებინე. ამის გამო, თანაგუნდელებთან სულ კონფლიქტი მქონდა და არავის მოსწონდა მამაჩემის ასეთი აქტიურობა. მეც ამიცრუვდა ფეხბურთზე გული და ყველაფერს ვაკეთებდი ვარჯიშზე წასვლისგან თავი რომ ამერიდებინა. ბოლოს მამაჩემმაც დამანება თავი და ასე შევეშვი ფეხბურთს” – ეს სიტყვები 36 წლის თბილისელ კაცს ეკუთვნის, რომელიც დღეს სპორტისგან სრულიად განხვავებული საქმითაა დაკავებული.   

და მაინც... როგორი უნდა იყოს მშობელი და რა უნდა ქნას მან, რომ მისი შვილი სპორტსმენი გახდეს? ამის ზუსტი და ეჭვმიუტანელი რეცეპტი რასაკვირველია არ არსებობს, მაგრამ თუკი ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ პატივცემულ შვედ ფსიქოლოგს დავუჯერებთ, ბავშვის აღზრდაში უმთავრესი მასში მშობლისადმი ნდობის გაჩენაა. ნდობას კი მხოლოდ ღირსეული მშობლები იმსახურებენ!

0.13107