რუსეთის ქალაქ ტიუმენში ჩატარებული მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი უზბეკი აბდულო ტანგრიევის გაჩემპიონებით დასრულდა. ტურნირში, რომელმაც ქართველი ძიუდოისტებისა და მსოფლიოს რეიტინგსიის სამი მოწინავე მძიმეწონოსნის გარეშე ჩაიარა, 27 სპორტსმენი ჩაერთო. მათ შორის 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერი ილიას ილიადისიც. საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ქართველი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, თავისზე ბევრით მძიმე ბრაზილიელ დანიელ ერნანდესთან წაგებით. ამ უკანასკნელმა მომგებიანი იუკოს აღება მხოლოდ დამატებით დროში შეძლო.
რუსულ ტატამზე გასულ მძიმეწონოსანთაგან, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სამხრეთკორეელი სუნგ-მინ კიმი იყო, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მხოლოდ ფრანგ ტედი რინერს, ეგვიპტელ ისლამ ელ შეჰაბისა და გერმანელ ანდრეას ტოლცერს ჩამორჩება. კიმმა მხოლოდ ნახევარფინალამდე იფავორიტა. მერე კი ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და სამეულს მიღმა დარჩა. ძირითად ბადეს ტანგრიევმა გამოთიშა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში რუს ალექსანდრ მიხაილინთან წაიფორხილა.
ფინალში აბდულო ტანგრიევმა უნგრელ ბარნა ბორს მოუგო, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლამდე რამდენიმე შტამბეჭდავი გამარჯვებით მივიდა. ნახევარფინალში სულაც ტიტულოცანი იაპონელი კეიჯი სუძუკი დაჩაგრა. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 158 ათასი დოლარი იყო. ჩემპიონს 25 ათასი ერგო, დამარცხებულ ფინალისტს – 10 ათასი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს – 5-5 ათასი.
ძიუდო
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი
ტიუმენი. რუსეთი
30 ოქტომბერი
კაცები
1 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი)
2 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 კეიჯი სუძუკი (იაპონია)
3 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







