ფეხბურთი

22:12 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“აბა, ულა!”

გახსოვთ “პირველი მერცხალის” ფინალური სცენა? ინგლისელი მეზღვაურებისგან განადგურებული ჩვენი სასოწარკვეთილი ფეხბურთელები, ყელის ჩახლეჩამდე რომ გაჰკივიან “აბა, ულას”. იქ, რაღაც იმდი მაინც რჩება მაყურებელს, მარცხის მიუხედავად, ოპტიმიზმით გამოდის დარბაზიდან. “დინამო არენაზე” კი, გულშემატკივარი გულდამძიმებული ტოვებდა ტრიბუნებს. იმავე ინგლისელებთან შერცხვენილ საქართველოს ჩემპიონს, ოპტიმიზმით ნამდვილად ვერ შეხედავდნენ. 

განა, რამე მოულოდნელი მოხდა? ალბათ, არა - წლევანდელი ზაფხულის “დინამოზე” არაერთხელ გვითქვამს, რომ დიდი პრობლემები აქვს სელექციაშიც და შეთამაშების მხრივაც. ეს, საშუალოევროპულ “სტიაუასთანაც” კარგად გამოჩნდა და ეროვნული ჩემპიონატის პირველ 2 ტურშიც, სადაც “ზესტაფონთან” და “დილასთან” ჩემპიონებს გაუმართლათ, თორემ დღეს, შესაძლოა, საერთოდ უქულოდ ყოფილიყვნენ.

არ არსებობს კომბინაციური თამაში, ჩისკო აშკარად დამძიმებულია და პირველ ტაიმშივე ვუოთი შეცვალეს, რომელსაც ასევე არაფრით გამოუჩენია თავი.

ვილაშ-ბოაშმა სასტარტოში ინგლისის ნაკრების არცერთი ფეხბურთელი დააყენა. ლენონი და დეფო ხომ რაღაც “მისტიკური” ტრავმების გამო არ ჩამოიყვანა თბილისში და არც მარჯვენა მცველი კაილ უოკერი ათამაშა. პრემიერლიგაში “კრისტალ პალასთან” მატჩისგან განსვავებით, არ იყო ასევე ბელგიელი იან ვერტონგენიც. დინამოელებმა კი, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს. თავიდან პრესინგიც შესთავზეს მეტოქეს და საბრძოლველად მომართულებიც ჩანდნენ, მაგრამ ცოტა ხანში, ჩვენდა სამწუხაროდ, კლასში დიდი სხვაობა გამოჩნდა. ლონდონელებმა ნელ-ნელა დაალაგეს თამაში და მე-13 წუთზე პირველი გოლიც გაიტანეს. დინამოელები შეტევაში გაერთნენ და სტუმრებს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვუიდათ. 22 წლის ანდროს თაუნსენდმა, ლამის ნახევარი მინდორი გადაირბინა და საშუალო მანძილიდან ლორიას შანსი არ დაუტოვა – 1:0. შემდგომშიც უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და 44-ე წუთზე მეორეც გაიტანეს. იმავე თაუნსენდმა (რომელიც საუკეთესო იყო “ტოტენჰემში”) მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა საჯარიმოში, იქ კი, ყველას “დეზების” ბრაზილიელმა ახალწვეულმა პაულინიომ დაასწრო და თავით გადაგზავნა ბურთი დინამოელთა კარში. ჩვენიანებსაც ჰქონდათ ერთი ნაღდი მომენტი, როცა მარცხნიდან კვირკველიას ჩაწოდებულს, კართან ახლოს მყოფმა დვალმა შაგება თავი, თუმცა სტუმართა ფრანგმა მეკარემ, უგო ლორისმა მოიგერია.

მეორე ტაიმის აღწერას კი, ალბათ, აზრი აღარ აქვს. ასეთი უსუსური “დინამო” კარგა ხანია აღარ გვინახავს, “ტოტენჰემი” კი... სტუმრები რაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ იმას ისე აკეთებდნენ. თანაც, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ნახევარი ძალით თამაშობდნენ.

დინამო (თბილისი) – ტოტენჰემი 0:5 (0:2)

22 აგვისტო. თბილისი. “დინამო არენა.”

“დინამო”: ლორია, ხურცილავა, გლიშიჩი (პაპავა 46), კვარაცხელია, კვირკველია, ძარია (გოგა 81), გველესიანი, გრიგალაშვილი, მერებაშვილი, ჩისკო (ვუო 42), დვალი

მწვრთნელი: დუშან უჰრინი

“ტოტენჰემი”: ლორისი, როუზი, ქაბული, დაუსონი, ნოტონი, თაუნსენდი, კაპო, პაულინოი (კეროლი 71), სიგურდსონი (შადლი 61), დემბელე, სოლდადო (კეინი 72)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლები: 0:1 თაუნსენდი (13), 0:2 პაულინიო (44), 0:3 სოლდადო (59), 0:4 როუზი (65), 0:5 სოლდადო (68)

გაფრთხილება: გველესიანი (21), ხურცილავა (30); დემბელე (38), როუზი (60),

მსაჯი: პოლ ვან ბოკელი (ჰოლანდია)


0.560251