სხვა

14:58 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა ანტონ სიხარულიძეს უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფიგურულ სრიალში ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ანტონ სიხარულიძეს უმასპინძლა.

სახელგანთქმული რუსი სპორტსმენი საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. სამინისტროში შეხვედრისას მხარეებმა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის სპორტის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარია ფიგურულ სრიალში, ძიუდოსა და ფეხბურთში ასაკობრივი გუნდების შეხვედრების ორგანიზებაზე, ასევე ფიგურულ სრიალში გამოცდილი მწვრთნელების რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლასა და მასტერ-კლასების ჩატარებაზე.

“საინტერესო შეხვედრა შედგა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას სპორტის ისეთ სახეობებში, რომელიც ჩვენთან ნაკლებპოპულარულია, მაგალითად ფიგურულ სრიალში. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საგაისოდ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა”, - განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

“დღეს ბატონ მინისტრთან შეხვედრისას დავინახე, რომ ქართული მხარე მზადაა მჭიდრო ურთიერთობისთვის. სანკტ-პეტერბურგში დიდი ინტერესით ელიან სპორტის კუთხით თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, პროექტი, რომელშიც ფიგურული სრიალის გარდა ძიუდო და ფეხბურთიცაა ჩართული, წარმატებით განხორციელდება”, - აღნიშნა ანტონ სიხარულიძემ.

სიხარულიძე ფიგურულ სრიალში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. მეწყვილე ელენა ბერეჟნაიასთან ერთად ის 1996-2002 წლებში ასპარეზობდა და 2002 წელს სოლტ-ლეიკ სიტიში მოგებული ოლიმპიური ოქროს გარდა, 2-2-ჯერ მოიგო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. ამავდროულად, წყვილი 4-ჯერ რუსეთის ჩემპიონი გახდა, 3-ჯერ კი ქვეყნის თასს დაეუფლა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.45325