ჰოლანდიელი ნახევარმცველის უესლი სნეიდერის აგენტი ირწმუნება, რომ მისი კლიენტი თურქულ “გალათასარაიში” თავს კარგად გრძნობს და გუნდის გამოცვლას არ აპირებს.
არადა, Football Italia-ს ცნობით, 30 წლის შემტევის შეძენით ტურინის “იუვენტუსია” დაინტერესებული და თითქოს თავად ფეხბურთელიც მოითხოვდა თურქებისგან ტრანსფერის განხორციელებას, თუმცა ჰოლანდიელის აგენტი ახლა ამბობს, რომ სნეიდერი მზადაა “გალათასარაიში” იმაზე მეტხანს გაჩერდეს, ვიდრე მოქმედი კონტრაქტითაა გათვალისწინებული.
“უესლის კონტრაქტს ვადა წელიწადნახევარში ეწურება. ის თურქეთში ბედნიერია და არც კი ვიცი საიდან გაჩნდა ეს ჭორები. არც ის მესმის, ამ ტრანსფერთან დაკავშირებით “იუვენტუსი” რატომაა ასე ოპტიმისტურად განწყობილი. გუნდის გამოცვლაზე კი არა, იმაზე ვმუშაობთ, რომ “გალათასარაისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება წამოვიწყოთ” - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.