ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი აარონ ლენონი და თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი დიდი ალბათობით “უაიტ ჰარტ ლეინს” დატოვებენ.
Sky Sports-ი ირწმუნება, რომ კლუბი ხელს არ შეუშლის 27 წლის ინგლისელის ტრანსფერს, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს სამწვრთნელო შტაბს თვალში არ მოუვიდა. ამასთან, დედაქალაქელები აარონს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუ დაინტერესებული მხარისგან შესაბამის წინადადებას მიიღებენ.
თავის მხრივ, Times-ი იუწყება, რომ “ტოტენჰემი” 30 წლის ტოგოელ თავდამსხმელს MLS-ის კლუბებს შესთავაზებს, რადგან გუნდის არგენტინელ თავკაცს სეზონის მეორე ნაწილში ჰარი კეინისა და რობერტო სოლდადოს იმედი უფრო ექნება, ვიდრე ადებაიორის.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ემანუელმა 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ლენონმა 9 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.