ფეხბურთი

18:55 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფელიქს მოურინიო: “პელე დი სტეფანოს მხოლოდ ფიზიკური მზადყოფნით ჯობდა”

ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობა მამამ, ფელიქსმა დააწყებინა. ჯერ კიდევ ბავშვობისას ფელიქს მოურინიო ვაჟს სადამრიგებლო საქმიანობასთან აშინაურებდა (მოურინიო-უფროსი “რიო ავესა” და სეტუბალის “ვიტორიას” წვრთნიდა) და პირველმა მან განაცხადა საქვეყნოდ, ჟოზესგან კარგი საფეხბურთო სპეციალისტი ჩამოყალიბდებაო. ფელიქს მოურინიოს ინტერვიუ AS-მა ჩამოართვა.

- როგორ გახდით პროფესიონალი ფეხბურთელი?

- პორტუგალიის სამხრეთში დავიბადე. ბავშვობიდან ფეხბურთელობა მინდოდა და ოცნება ავისრულე კიდეც. 13 სეზონი “სეტუბალში” ვთამაშობდი, 6 წელი კი “ბელენენსეშის” კარს ვიცავდი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ადრეული ასაკიდან თანატოლებთან ერთად ქუჩაში ბურთს დავსდევდი. მაშინ სულ სხვა დრო და ეპოქა იყო.

- ამჟამად რომ თამაშობდეთ, თანამედროვე ფეხბურთს მხარს აუბამდით?

- ამ თემაზე ჟოზესთანაც მისაუბრია. მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ახლაც კარგად დავიცავდი ჩემი გუნდის კარს, რადგან არც სისწრაფე და რეაქცია მაკლდა და მძლავრი ფეხების პატრონიც გახლავართ. ერთადერთი რაშიც მოვიკოჭლებდი, კარის ხაზიდან გასვლაზე თამაშია.

- ვინ იყო თქვენი ეპოქის საუკეთესო მეკარე?

- პირადად მე საუკეთესოდ სანტანდერის “რასინგის” გოლკიპერს ვიქტორ დამაშს ვთვლიდი. იმ დროის ერთი პორტუგალიელი მწვრთნელი ამბობდა, დამაშისა და მოურინიოს “შეერთება” რომ შემეძლოს, იდეალურ მეკარეს მივიღებდითო. ჩემი სისწრაფითა და ვიქტორის კარიდან გასვლებით, კარის ნაცვლად, მართლაც “შეუვალ კედელს” ავაშენებდით.

- რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გიჭირდათ ყველაზე მეტად თამაში?

- პორტუგალიაში ყველაზე უფრო 2 ფორვარდს ვუფრთხოდი. ესენი ეუსებიო და მატატეუ არიან. როდესაც ეუსებიო დაატყამდა, ბურთო ყოველთვის კარის ჩარჩოში მოფრინავდა. თანაც მას დამაგვირგვინებელი დარტყმის შესრულება მოუმზადებლად, იმ მომენტშიც შეეძლო, როცა ავაზას სისწრაფით მირბოდა. მატატეუს კი უძლიერესი დარტყმა ჰქონდა და საჯარიმოებსაც უკეთ ასრულებდა, ვიდრე ეუსებიო.

- ალფრედო დი სტეფანოს წინააღმდეგ თუ გითამაშიათ?

- მხოლოდ ერთხელ. დი სტეფანოსთან დაპირისპირების დღეს დამწყები მეკარე გახლდით და კარგად ვერც კი გავაცნობიერე, ალფრედოსთან პირისპირ შეყრის მნიშვნელობა. ჩემი მაშინდელი მწვრთნელი, არგენტინელი ალეხანდრო სკოპელი მეუბნებოდა, რომ მის გენიალურ თანამემამულეს საჯარიმო მოედანზე თამაშში ბადალი არ ჰყავდა. მოგვიანებით ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა “ბენფიკასა” და მადრიდის “რეალის” მატჩი ვიხილე. იმ დღიდან ალფრედო დი სტეფანოს საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი და კარიერის ბოლომდე მისი გულშემატკივარი გახლდით. პელე დი სტეფანოს მხოლოდ ფიზიკური მზადყოფნით ჯობდა.

- პელეს პირისპირ მოგიწიათ ასპარეზობა?

- არასდროს.

- დღევანდელი მეკარეებიდან საუკეთესო რომელია?

- თავის ქალის სერიოზული ტრავმის მიღებამდე პეტერ ჩეხი უძლიერესი იყო. გამოჯანმრთელების შემდეგ მან ძველებური ფორმა ბოლომდე ვერ აღიდგინა. უძლიერესი იკერ კასილასია.

- მის საუკეთესო თვისებებს ხომ ვერ ჩამოგვითვლიდით?

- იკერი აუღელვებელია, ტექნიკურად უზადოდაა მომზადებული. კასილასი ნახტომს მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, როცა საამისო აუცილებლობაა.

- “ბელენენსეშის” რიგებში თამაშისას ფრანსისკო ხენტოს გაცილების მატჩში მიიღეთ მონაწილეობა...

- 1972 წელს პორტუგალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით და ხენტოს გაცილების შეხვედრაში თამაში გარკვეულწილად ჯილდო გახლდათ. ლისაბონის აეროპორტში მოუთმენლად ველოდით მადრიდის ავიარეისს. თვითმფრინავის გაუმართაობის გამო რეისი გადაიდო. მზად ვიყავით, მადრიდამდე რბენით ჩავსულიყავით. ბოლოს და ბოლოს, მატარებელში ჩავჯექით. მთელი ღამე ვაგონში გავატარეთ, ესპანეთის დედაქალაქში დილაუთენია ჩასულებს კი პლატფორმაზე თავად ხენტო დაგვხვდა. პაკომ სასტუმრომდე მიგვაცილა, ნომრებში სათითაოდ დაგვაბინავა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეშურა მატჩისთვის მოსამზადებლად.

- “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშმა თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?

- ამ სტადიონზე თამაში სულ სხვა განზომილებაა. მატჩის დაწყებამდე ყველა ჩვენთაგანს “რეალის” გერბიანი საათი გვაჩუქეს. ამ ჟამთააღმრიცხველს დღემდე სათუთად ვინახავ.

- თავისი ხანგრძლივი კარიერის უკანასკნელი გოლი ფრანსისკო ხენტომ თქვენ გაგიტანათ...

- დიახ, ასეა. მან პენალტით აიღო ჩვენი კარი.

- მას “პატივი ეცით” და ბურთი გაატანინეთ?

- არა. ბურთის მოგერიება გულით მეწადა, მაგრამ ვერ შევძელი. ისე, მატჩის მსვლელობისას ხენტო კარში დარტყმას ვერ ახერხებდა და არბიტრმაც თავის გამოჩენის შანსი თერთმეტმეტრიანის დანიშვნით მისცა.

- პორტუგალიის ნაკრების მეკარე იყავით...

- მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში. 32 წლის გახლდით, როცა ნაკრებში მიხმეს. ბრაზილიის თასზე ირლანდიის წინააღმდეგ მწვრთნელმა მეორე ტაიმში შემიშვა მინდორზე. როცა სეტუბალში ვთამაშობდი, ნაკრებში დაძახებას უფრო ვიმსახურებდი, მაგრამ მწვრთნელები “ვერ მამჩნევდნენ”. “ბელელენსესში” 30 წელს მიტანებული გადავედი, თუმცა, ურიგოდ არც ამ კლუბში მიასპარეზია.

- საკუთარი საუკეთესო “სეივი” გახსოვთ?

- როგორ არა. ბენფიკელმა ეშპირიტიუ სანტუშმა ახლო მანძილიდან თავით დამირტყა. დღემდე ვერ ამიხსნია, როგორ მოვასწარი “ცხრიანიდან” ბურთის გამოძრობა.

- ცნობილია, რომ ჟოზეს სამწვრთნელო კარიერა ადრეულ ასაკში თქვენ დააწყებინეთ. მისი სამწვრთნელო ტალანტი იმთავითვე აღიარეთ?

- ჟოზე ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგეების მატჩებს ესწრებოდა და ჩანაწერის სახით ცნობებს გვაწვდიდა. იმხანად სეტუბალის “ვიტორიას” ვმოძღვრავდი.

- ჟოზეს რჩევა სასარგებლო იყო?

- მისი ჩანაწერები ძალიან დიდ სამსახურს მიწევდნენ.

- მეტოქეთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში შვილს ფულს უხდიდით?

- ჟოზე მაშინ ბავშვი იყო და ხელფასი არ ჰქონდა. მოგებული შეხვედრის შემდეგ მას მხოლოდ წამახალისებელი პრემიით ვასაჩუქრებდით.

- როგორი ბავშვი იყო ჟოზე?

- ჟოზე ყოველთვის განსაკუთრებული იყო და დღემდე ასეა. იგი ერთგული მეგობარია, რასაც მისი რამდენიმე უახლოესი ამხანაგი დაგიდასტურებთ.

0.076638