ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი სინამდვილეში “ნიუ იორკ სიტის” ფეხბურთელი არ ყოფილა. ინგლისის პრემიერლიგის განცხადების თანახმად, “მანჩესტერ სიტის” და ამერიკულ კლუბს შორის ლამპარდის ტრანსფერზე შეთანხმება არ ყოფილა და ფეხბურთელი ინგლისურ კლუბშია დარეგისტრირებული.
ბრიტანული მედია თვლის, რომ აღნიშნული გამოგონილი ტრანსფერი “ნიუ იორკ სიტის” რეკლამისთვის სჭირდებოდა, რათა ლამპარდის მეშვეობით ახალი კლუბის სპორტული ატრიბუტიკა უფრო მეტი გაყიდულიყო. როგორც გაირკვა, ლამპარდის “სიტიში” განათხოვრება მხოლოდ ფარსი გახლდათ და იგი ამერიკული კლუბის საკუთრებაში არაა.
როგორც ინგლისურ, ასევე ამერიკულ კლუბს შეიხი მანსური ფლობს და ლამპარდის სურვილისამებრ გამოყენება ბიზნესმენს არ გაუჭირდებოდა. საქმე ფეხბურთელის იმიჯსაც შეეხო. “ნიუ იორკის” გულშემატკივრებმა იმ იმედით, რომ ლამპარდი მათ გუნდში ითამაშებდა, ბილეთები იყიდეს, სპორტული ატრიბუტიკა შეიძინეს, თუმცა ფეხბურთელის საქციელით იმედგაცრუებულები დარჩნენ.
მიმდინარე სეზონში ლამპარდმა “სიტის” მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.