კალათბურთი

23:22 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა მოსკოვში

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-2 ტურში ქართველი ქომაგისთვის საინტერესო მატჩი ჩატარდა მოსკოვში, სადაც მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” მიიღო და 99:90 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ თამაშის მიმდინარეობისას სტუმართა ჩამორჩენამ ოც ქულასაც კი უწია, შემდეგ ბასკურმა კლუბმა სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა, თამაშის გადარჩენა კი ვეღარ მოახერხა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მარკოიშვილს, რომელიც განაცხადში იყო, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ უთამაშია, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში იყო და 19:06 წუთში 11 ქულა და 5 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა.

თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის გარდა, სტუმართაგან გამორჩეულები მაიკ ჯეიმსი (19), კიმ ტილი (14), ფაბიან კოსიე (10) და კოლტონ აივერსონი (10) იყვნენ, ცსკა-ს კი სონი უიმსმა (22), მილოშ ტეოდოსიჩმა (18) და ნანდო დე კოლომ (17) ულიდერეს.

ტოპ-16-ის მე-3 ტურში, რომელიც 15-16 იანვარს შედგება, ცსკა სტამბულში “ანადოლუ ეფესს” ესტუმრება, “ლაბორალ კუჩა” კი ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” მიიღებს. ეს უკანასკნელი მე-2 ტურის შეხვედრას ხვალ გამართავს, როდესაც ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანის “ფენერბაჰჩეს” მიიღებს.

0.114035