“სკაი სპორტის” ცნობით მიუნხენის “ბაიერნის” შვეიცარიელი ფეხბურთელი სერდან შაქირი მზადაა იჯარის წესით “ინტერში” ითამაშოს. წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და ამჟამად “სკაი სპორტის” მიმომხილველმა რეი პარლოუმ 23 წლის ნახევარმცველის შესახებ ისაუბრა.
“მას არ უწევს რეგულარულად თამაში. შაქირი 23 წლის ფეხბურთელია და ასაკის მიუხედავად, საგრძნობი გამოცდილება დაუგროვდა. უკან ჩამოსვლა და დაცვითი ფეხბურთის თამაში უჭირს, თუმცა საკმაოდ სწრაფია და შეტევისას შემქმნელი ფეხბურთელის თვისებები აქვს”, - აღნიშნა “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა.
11,8 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შაქირი “ბაზელიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა, მიმდინარე სეზონში კი შვეიცარიელმა ბუნდესლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე ერთი გოლია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ინტერი” მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელით ლუკას პოდოლსკით გაძლიერდა.