ამ კარის იქით სხვა საქართველოა – სულ სხვანაირი საქართველო, რომელიც არც იოსებ ნონეშვილის ცნობილ ლექსშია აღწერილი და არც ისეთია, რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ. ამ კარის იქით უშიშარი, თავის ქვეყანაზე, თავის საქმეზე შეყვარებული ხალხით დასახლებული ალაგია, სადაც ომი და უბედურება წარსულში დარჩა და ყველაზე ბედნიერი დღეები მაშინაა, როდესაც ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები თამაშობს.
დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ფეხბურთის ქომაგი თუ სპორტის ნაკლებად მოყვარე, ყველანი ერთად მწკრივდებიან, მშვიდად დგებიან სტადიონთან ბილეთების რიგში, ესწრებიან ეროვნული გუნდის თამაშს, ერთად მღერიან, თუ მარცხდებიან ერთად აღვარღვარებენ ცრემლებს და სტადიონიდან წამოსულები მუჯლუგუნებს კი არ უტყამენ ერთმანეთს – პირველი მე უნდა გავიდე გარეთო. პირიქით - ერთმანეთს უთმობენ გზას, ეპატიჟებიან საკუთარ ავტომობილებში – მე წაგიყვანთო და თუკი თამაში გამარჯვებით დასრულდა, სრულიად უცნობი ადამიანები ერთად ზეიმობენ ამ ღირსსახსოვარ წარმატებას.
ამ, კარის იქით ის ქვეყანაა, სადაც მშობლები არასოდეს იკადრებენ თავიანთი სპორტსმენი შვილის წარმატებისათვის მწვრთნელის მოქრთამვას და სადაც მწვრთნელები თავის მხრივ არასოდეს იკადრებენ ხათრის, ანდა ქრთამის საფასურად იმ ბავშვების ძირითად შემადგენლობაში დაყენებას, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. სადაც პატივს სცემენ ძველ დიდ სპორტულ წარმატებებს, მაგრამ ყოველ 13 მაისს ტვინს არ ბურღავენ ძველი ამბებით და უკეთესი მომავლისაკენ იმზირებიან.
ამ კარს მიღმა ადამიანები არ ყრიან ქუჩაში ნაგავს და თუკი ვინმე დააგდებს, შენიშვნის მიმცემნი არ ჩაითვლებიან პროვოკატორებად და არამკითხე ხალხად. ხალხი არ ტყუვდება პოლიტიკოსების ტყუილებით და თუკი ტყუილები ყელში ამოსდით, წყნარად მიდიან არჩევნებზე, ყოველგვარი წიოკის გარეშე ირჩევენ სასურველ პარტიას და არჩევნების შედეგებს დამარცხებულები ღირსეულად აღიარებენ, გამარჯვებულები კი მუშტების ქნევისა და მუქარის ნაცვლად საქმის კეთებას იწყებენ.
ამ კარის იქით, არსებულ პატარა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც არც ლეო მესი თამაშობს, არც კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ სტადიონები მაინც პირთამდე ივსება და თავისივე სამშობლოში მატერიალურად უზრუნველყოფილი ფეხბურთელები უცხოეთში წასვლაზე არ ოცნებობენ და თუკი მიდიან, მიდიან ისეთ ქვეყნებში, სადაც ჭეშმარიტად დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.
ამ კარის იქით მდებარე ქვეყანაში ძეგლებს მხოლოდ ღირსეულ და წარმატებულ ადამიანებს: მსახიობებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მუსიკოსებს, ექიმებსა და სხვათა და სხვათა უდგამენ და არა მათ, ვინც რომელიმე პოლიტიკურ ძალას აწყობს ან უყვარს. მოქალაქეები პატივისცემით ეპყრობიან გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავებსა და მემორიალებს და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ბრახა-ბრუხის ნაცვლად, გარდაცვლილ მებრძოლთა სახელებს ისე ინახავენ გულში, როგორც საკუთარი ოჯახის წევრის სახელებს და მათთვის გმირობა ორი დღით, ან თუნდაც ორი წლით არ განიზომება.
ამ საქართველოში ყველა სკოლას აქვს თანამედროვე ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორია და მაღალ დონეზე მოწყობილი სპორტული მოედნები, სადაც ყველა მშობელს ეცოდინება, რომ მათი შვილები მართლა რაღაცას სწავლობენ და მართლა ვარჯიშობენ. ყველა მასწავლებელს კი ექნება ღირსეული ხელფასი, რომლითაც ოჯახსაც მშვენივრად არჩენს და აღარ ექნება იმაზე საფიქრელი, სკოლის პროგრამები იზუთხოს, თუ იმაზე იფიქროს, რომ სახლში ელემენტარული სოციალური პრობლემებია მოსაგვარებელი.
მთავარია, ეს კარი ირეალურად მაინც არსებობდეს და გვქონდეს იმედი, რომ როცა იქნება, გავაღებთ ამ კარს და სწორედ ისეთი ქვეყანა დაგვხვდება, როგორიც ზემოთ აღვწერეთ. სამწუხაროდ ჯადოსნური ჯოხი არავის გვაქვს, რომ ეს ერთ და ორ დღეში გავაკეთოთ, მაგრამ უკეთესის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. მანამდე კარის შეღებაზე ოცნებას აბა ვინ დაგვიშლის...