სტატიები

10:26 | 27.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

8 წლის წინ - ტკბილი მოგონებები და უფრო მეტად, სევდა

ქართველები სულსწრაფი ხალხი ვართ. სანამ ნაყოფი იხარებს, მანამდე გვსურს მოწყვეტა; სანამ მარტი გაივლის, მანამდე გვსურს ზამთრის შექება ან ძაგება; ერთი სიტყვით, სანამ გადავხტებით, მანამდე გვსურს “ჰოპლას” დაძახება.
ამასწინათ ძველ საფეხბურთო წიგნებს ვათვალიერებდი და თვალში მომხვდა 2002 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დანიაში, სადაც 16-გუნდიან ფორუმზე საქართველოც იყო, იქ ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალში წააგო მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან. ან როგორ უნდა დაივიწყო – მე თქვენ გეტყვით, ევროჩემპიონატის V-VIII ადგილი დახლზე ყრია.
შევხედე მაშინდელ შემადგენლობას და სევდა მომერია. თურმე, რა ულმობელია ფეხბურთი და როგორ გფატრავს, როცა რაღაცას აკლებ, როცა ნიჭს ფეხქვეშ თელავ. სად არიან ახლა ის ბიჭები? დააკვირდით, 1985 წელს დაბადებულები. ახლა რომელი წელია? - 2010. სწორედ ახლა უნდა ბრწყინავდნენ, ახლა აქვთ “ოქროს ასაკი”. ერთიცაა, ჩვენ ფეხბურთივით ულმობელნი არ ვიქნებით და ისიც კარგად ვიცით, რომ ზოგიერთ მათგანს ცხოვრებამ აიძულა, ტყავის ბურთს ჩამოშორებოდა, ზოგს საკლუბო კარიერა აერია, ზოგს უსამართლოდ ვერ ამჩნევდნენ და უფროსი ასაკის ნაკრებში არ აწინაურებდნენ, ზოგმა ტრავმა მიიღო.
ჩამოვთვალოთ, ვინ ჰყავდა კობა ჟორჟიკაშვილს 8 წლის წინ დანიაში? მთავარი მეკარე ზვიად ჩალაძე თბილისის “ლოკომოტივში” დარჩა და დარჩა, იქაც, ძირითადის გოლკიპერად იშვიათად ითვლებოდა. მეორე მეკარე კახა ჯინჭარაძე ახლა “სამტრედიაშია”, ვერც მან “გაქაჩა”. მცველებიდან ანზორ კალაძემ რამდენიმე რუსული კლუბი გამოიცვალა, მაგრამ ვერსად ვერ მოიკიდა ფეხი, ახლა კი ფინეთის მეორე ლიგის პოპა-შია, სანდრო გურული ლვოვის “კარპატიშია”, აკაკი ხუბუტია რუმინეთის “გაზ მეთანში”, ზაალ ელიავა “ზესტაფონში”, გოჩა ხოჯავა რუსეთის პირველი ლიგის “ვოლგაში”, გოგი ფიფია “ზესტაფონში” იშვიათად თამაშობს, გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე ბოლოს ისრაელის მეორე ლიგის “სეკციაში” იყო, ვასილ ღუჭაშვილი მოლდოვურ “დაჩიაზე” ძლიერ უცხოურ კლუბს ვერ გასცდა.
დანარჩენები? ზურაბ კვახაძე, ბესიკ მიქიაშვილი, შოთა ჭელიძე და გივი კაპანაძე ფეხბურთს შეეშვნენ, ზურაბ ბარაბაძე შარშან ამ პერიოდში მოკლეს (კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა). და სანდრო იაშვილი – ჟორჟიკაშვილის იმ ნაკრების მთავარმეგოლე და ყველაზე პერსპექტიული  ფორვარდი. რა ხანია, ამ ფეხბურთელზე არაფერი გვსმენია, ბოლოს ყაზახეთის ყარაგანდის “შახტიორში” ცდილობდა გადასვლას და როგორც ვიცით, იქ აღარაა. ვინ იფიქრებდა, რომ იაშვილი ასე ჩაიკარგებოდა?
წარმოიდგინეთ, დანიაში ნაყოჩაღები ბიჭებიდან ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ზაალ ელიავა დამკვიდრდა  და ისიც მცირე ხნით.
“გული მწყდება. იაშვილი და ხოჯავა იმ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დაასახელეს. დღეს ისინი სად თამაშობენ და კრიშტიანუ რონალდუ კი სადაა” – თქვა ჟორჟიკაშვილმა.
დავაზუსტოთ: 17-წლამდელთა ევროჩემპიონატის 18-კაციანი სიმბოლური ნაკრები რომ შედგა, ხოჯავა და იაშვილიც მოხვდნენ.
მსგავსი დაწყება და ვერგაგრძელება მარტო ქართველებს როდი ახასიათებთ, მაგრამ ჩვენში რატომღაც ძალიან უყვართ ჭაბუკების მარადონად გადაქცევა. საკმარისია, ბიჭმა ერთ თამაშში ორი კაცი მოატყუოს ან გოლი გაიტანოს, დაფდაფებს ვაქუხებთ. 16-17 წლის ჭაბუკი რომ თანატოლებში მინდორს ხაზავს, სულაც არ ნიშნავს, რომ 22 წლისაც გამორჩეული იქნება. სკოლაში ყველა ხუთოსანი შემდგომში აკადემიკოსი ხდება?
მაგრამ გავიხსენოთ ის ლამაზი ზაფხული მაშინდელი 17-წლამდელებისთვის, როცა მათ ირგვლივ ცას ღრუბელი არ ჰქონდა. ქართველებმა ჯგუფში პოლონეთთან და გერმანიასთან 1:1 ითამაშეს, უნგრეთს 2:1 სძლიეს და მეოთხედფინალში 0:3 წააგეს შვეიცარიასთან.  სულ 4 გოლი გაიტანეს და ყველა – იაშვილმა. ქართველთა გარდა, ტურნირზე 272 ფეხბურთელი იყო ჩასული. აბა, დავუფიქრდეთ, ევროპის წამყვანი ქვეყნების უპერსპექტიულესი ბიჭები და  ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ესპანელი ჯონათან სორიანო. გსმენიათ რამე მასზე?
უბრალოდ, დახედავ გვარებს და გაგიკვირდება, ნეტავ, სად გაქრნენ. მაგრამ აკი შევთანხმდით, აღარ უნდა გაგვიკვირდეს. იმ 272 ჭაბუკიდან დღეს მხოლოდ 19 ამოირჩევა, რომლებიც ასე თუ ისე მაღალ დონეზე თამაშობენ.
უეინ რუნი, უეინ რუტლეჯი (ინგლისი) - რუნი იმ ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეულთაგანი იყო და გოლებიც ბლომად გაიტანა. სხვა ინგლისელი? ზრდილობის გულისთვის, ერთი მაინც მინდა დავასახელო, მაგრამ მათი გვარები  არაფერს არ მოგცემთ.
ჰედვიგეს მადურო, ოტმან ბაკალი (ჰოლანდია) – პირველი მათგანი “ვალენსიაშია”, მეორე კი – პსვ-ში.
კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – მაშინაც საყვარელი 7 ნომრით თამაშობდა. სხვათა შორის, უგოლოდ დატოვა ჩემპიონატი.
გაელ კლიში (საფრანგეთი) – ტურნირის დასრულებისთანავე, არსენ ვენგერმა წაიყვანა “არსენალში”.
ტრანკვილო ბარნეტა, ფილიპ სენდეროსი, რეტო ციგლერი (შვეიცარია) – ისინი ჩემპიონები გახდნენ. სხვათა შორის, ამჟამად “ლევერკუზენის” შემტევი ნახევარმცველი ბარნეტა მაშინ მარჯვენა მცველი გახლდათ. შვეიცარიიდან ყველაძე ძლიერი სებასტიან ბურკი იყო, თუმცა დღეს აღარ თამაშობს.
ალექსანდრ ალიევი (უკრაინა) – საჯარიმო დარტყმების დიდოსტატი იმ ჩემპიონატშიც საუკეთესო იყო უკრაინელთა შორის.
სიმონ ვუკჩევიჩი (სერბია და ჩერნოგორია) – ამ ფეხბურთელის გარდა, სხვა ვერავის გვარს ვერ “იცნობთ”. ვუკჩევიჩი ლისაბონის “სპორტინგში” და ჩერნოგორიის ნაკრებში თამაშობს.
დავიდ სილვა, რობერტო სოლდადო, ალექსისი, ხაიმე გავილანი (ესპანეთი) – მათ წარდგენა არ სჭირდებათ. სხვა ვერცერთი მაშინდელი ესპანელი ვერ “ამოვარჩიეთ”. სოლდადოს სულ 2-ჯერ უთამაშია მთავარ ნაკრებში, გავილანსა (“ხეტაფე”) და ალექსისს (“სევილია”) კი არცერთხელ.
მორტენ რასმუსენი (დანია) – გერმანიის ბუნდესლიგის “მაინცის” ფორვარდია. ჩემპიონატი 6 გოლით დაასრულა, ფინეთთან 6:0 მოგებულ შეხვედრაში 5 ბურთი (!) შეაგდო.    
რენე ადლერი, ლუკაშ პოდოლსკი, მარიო გომესი (გერმანია) – საქართველოს ჯგუფში იყვნენ. ჟორჟიკაშვილის გუნდს გოლი პაულ ტომიკმა გაუტანა, რომელიც ამჟამად “უნიონ ბერლინის” ძირითადშიც ვერ ხვდება, არადა იმ დროს “ბაიერნის” აკადემიაში ირიცხებოდა.  გერმანელთაგან ყველაზე ბევრი გოლი არა პოდოლსკიმ ან გომესმა, არამედ ვინმე ვესტერჰოფმა შეაგდო (4 გოლი), თუმცა ამჟამად მასზე wikipedia-შიც კი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს (!).
ლუკაშ ფაბიანსკი (პოლონეთი)
– ამჟამად ლონდონის “არსენალის” მეკარეა.  
სულ ეს არის. იმ ჩემპიონატზე ჩეხეთი, ფინეთი, მოლდოვა და უნგრეთიც იყვნენ, მაგრამ მათგან გაგვიჭირდა თუნდაც ერთი ფეხბურთელის გამორჩევა. ეს ნაწერი ტკბილ მოგონებებზე მეტად, სევდას მოჰგვრის ბევრ ქართველს, განსაკუთრებით კი ჟორჟიკაშვილის იმ ბიჭებს, რომლებმაც ნიჭის შესაბამისი ფეხბურთი ვერ ითამაშეს.
არ გვინდა, იგივე გამეორდეს.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.137039