ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალები ლონდონსა და პორტუგალიაში გასამართი დაპირისპირებებით განახლდება. ინგლისში სათამაშოდ გერმანიის სავარაუდოდ მომავალი ჩემპიონი ჩადის, ხოლო პორტუგალიას ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი “მალაგა” ეწვევა.
არსენალი-ბაიერნი
დღის ცენტრალურ მატჩს ინგლისის დედაქალაქი უმასპინძლებს, სადაც “არსენალი” და “ბაიერნი” ერთმანეთს მეხუთედ დაუპირისპირდებიან. მასპინძელი გუნდი “ბაიერნთან” არსებული სტატისტიკის გათანაბრებას შეეცდება. აქამდე, ლონდონელებს მიუნხენელებისთვის ერთხელ მოუგია, ხოლო “რეკორდმაისტერის” ანგარიშზე 2 მოგებაა.
გუნდები ერთმანეთს პირველად 2000 წელს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. ლონდონში, გუნდებმა 2:2 ითამაშეს, ხოლო მიუნხენში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. 2005 წელს, ლიგის 1/8-ფინალში, “ბაიერნმა” შინ 3:1 მოიგო და მართალია, სტუმრად 0:1 წააგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც მიუნხენელები გავიდნენ. 8 წლის წინათ, “არსენალის” კარში ერთი გოლი კლაუდიო პისარომ გაიტანა, რომელიც “ბაიერნში” დღესაც თამაშობს.
დღევანდელი შეხვედრის გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება ძნელია. “არსენალს” საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს, ხოლო “ბაიერნი” მატჩს ფანტასტიკურ ფორმაში ხვდება. გერმანიის ჩემპიონატში, იუპ ჰაინკესის გუნდმა ბოლო 5 თამაში მშრალად მოიგო და ახლა, მიუნხენელები მე-2 ადგილზე მყოფ “დორტმუნდს” 15 ქულით უსწრებენ. ეს “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაზე სრულად კონცენტრირების უფლებას აძლევს. ინგლისის ჩემპიონატში საქმეები არცთუ კარგად მისდის “არსენალს”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 4-ქულიანი ჩამორჩენით, მე-5 პოზიციას იკავებს.
“არსენალს” სერიოზული პრობლემები აქვს დაცვის მარცხენა ფლანგზე. კირან გიბსი ტრავმირებულია, ანდრე სანტოსი ლონდონელებმა “გრემიოში” გაანათხოვრეს, ხოლო ახალწვეულ ნაჩო მონრეალს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს. შექმნილ სიტუაციაში, სავარაუდოდ, მარცხენა ფლანგზე ტომას ვერმაელენი ითამაშებს.
მიუნხენელებს კლაუდიო პისარო, ჰოლგერ ბადშტრუბერი და ჯერომ ბოატენგი დააკლდებიან. პირელი 2 ტრავმირებულია, ხოლო ბოატენგი 1/8-ფინალისტ ორივე მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
- გუნდები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. “ბაიერნმა” 2-ჯერ მოიგო, “არსენალმა” – ერთხელ და ერთი თამაში ფრედ დასრულდა;
- ჩემპიონთა ლიგაზე, გერმანულ კლუბებთან გამართული ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან “არსენალმა” 6 მოიგო;
- “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 16 გუნდში ზედიზედ მეცამეტედ მოხვდა;
- გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, “არსენალი” კარში ყველაზე ცოტას, მაგრამ ყველაზე ეფექტურად ურტყამს. 47 დარტყმიდან, ლონდონელებმა 10 გოლი გაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “მეთოფეებს” 4.7 დარტყმაში ერთხელ გააქვთ;
- ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში ჩატარებული უკანასკნელი 17 თამაშიდან “არსენალმა” მხოლოდ 2 წააგო და ორივე ინგლისურ გუნდთან;
- ჯგუფურ ეტაპზე, ოლივიე ჟირუმ 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს;
- მიმდინარე გათამაშებაში, ლუკას პოდოლსკიმ, კარში ზუსტად დარტყმა 3-ჯერ მოახერხა და სამივე ეს შემთხვევა გოლის გატანით დასრულდა;
- 2006-2009 წლებში, ლუკას პოდოლსკი “ბაიერნში” თამაშობდა. მიუნხენელთა მაისურით ჩატარებულ 71 თამაშში მან 15 გოლი გაიტანა. “კიოლნში” თამაშის დროს, მან “ბაიერნის” წინააღმდეგ 10 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ მოიგო;
- ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “ბაიერნს” 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. აქედან, მიუნხენელებმა 14 შეხვედრა მოიგეს;
- ჯგუფურ ეტაპზე, გოლის გატანა “ბაიერნის” 9 სხვადასხვა ფეხბურთელმა მოახერხა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
- მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნის” კარში ზუსტად დარტყმა მხოლოდ 17-ჯერ მოახერხეს. ეს საუკეთესო შედეგია;
- ჯგუფურ ეტაპზე, “ბაიერნის” ფეხბურთელებმა საჯარიმოს გარედან ზუსტად დარტყმა 17-ჯერ მოახერხეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია;
- მარიო გომესმა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 26 თამაშში, რომელიც მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 25 გოლი გაიტანა;
- მარიო მანჯუკიჩმა, გოლის გატანა კლუბისა და ნაკრების მაისურით ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში მოახერხა;
- “ბაიერნმა” გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 თამაშში მოახერხა;
- ჯგუფურ ეტაპზე, ყველაზე მეტი, 59 კუთხური “ბაიერნმა” მოაწოდა;
- “ბაიერნი” ყველაზე საშიში მეთექვსმეტედან 30-ე წუთამდეა. 15 გოლიდან 5 მიუნხენელებმა დროის ამ მონაკვეთში გაიტანეს.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-1-3): შესნი, სანია, კოსილნი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, არტეტა, რემსი, უილშირი, უოლკოტი, პოდოლსკი, კასორლა.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, მარტინესი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მიულერი, რიბერი, გომესი.
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).
პორტუ-მალაგა
წყვილში ფავორიტის დასახელება ძნელია, დღეს კი, მასპინძლის სტატუსის გათვალისწინებით, მოგების მეტი შანსი “პორტუს” აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა ასპარეზზე, “პორტუ” 19 ტურის შემდეგ კვლავ წაუგებელია, ვიტორ პერეირას გუნდს აქცენტის ჩემპიონთა ლიგაზე სრულად გაკეთება მაინც არ შეუძლია. ამის მიზეზი ისაა, რომ “პორტუს” არ ჩამორჩება “ბენფიკა”, რომელიც დღევანდელ მასპინძლებთან პირველ ადგილს იყოფს.
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში 3 მოგება და 2 ფრე აქვს “მალაგას” და ანდალუსიელები მე-4 ადგილს იკავებენ, რაც მათი მიზანი არის კიდეც.
“მალაგას” პრობლემები დაცვის ფლანგებზე აქვს. მარჯვენა მცველი ხესუს გამესი ტრავმირებულია და მის ნაცვლად, მოედანზე სერხიო სანჩესს ვიხილავთ. აქამდე ანდალუსიელთა დაცვის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ნაჩო მონრეალმა “არსენალს” მიაშურა, ხოლო ელიზეუ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მანუელ პელეგრინი კვლავ ანტუნესს უნდა ენდოს, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე გათმაშებაში მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება “პორტუს” – მასპინძლებს დანაკლისი არ აქვთ.
- ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანურ გუნდებთან გამართულ ბოლო 7 თამაშში, “პორტუს” წაგება არ აქვს;
- ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, პსჟ-სთან წაგების შემდეგ, “მალაგას” 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს;
- “პორტუმ” გოლის გატანა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 18 თამაშში მოახერხა;
- პორტუგალიის ჩემპიონატში, საკუთარ კედლებში, “პორტუს” 67-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში ჩატარებული 11 მატჩიდან “პორტუმ” მხოლოდ 1 წააგო;
- ჯგუფურ ეტაპზე, ჟოაუ მოუტინიომ, მეტოქის ნახევარზე 310 გადაცემა გააკეთა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჩავი ერნანდესს აქვს (551);
- ჯექსონ მარტინესმა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა;
- “მალაგა” ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია;
- “მალაგა” ერთ-ერთია იმ 4 გუნდიდან, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლეს;
- ევროტურნირებზე, “მალაგას” სულ 24 თამაში აქვს ჩატარებული (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით). ანდალუსიელებს ერთადერთი წაგება აქვთ და ისიც ქალაქ პორტუში, “ბოავიშსტასთან”;
- “მალაგას” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 3 თამაში ფრედ დასრულდა;
- ჯგუფურ ეტაპზე, “მალაგამ” 4 გოლი გაუშვა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “პარი სენ ჟერმენს” ჰქონდა;
- “მალაგა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში, პირველ ტაიმში, გოლი ჯერ არ გაუშვია;
- “მალაგას” მეკარემ, ვილი კაბალიერომ, ჯგუფურ ეტაპზე, დარტყმების 86.4% მოიგერია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია;
- მიმდინარე გათამაშებაში, ელიზეუმ 3 გოლი გაიტანა და სამივე გასვლით მატჩში;
- “პორტუ” “მალაგას”, ყველაზე მეტად, შეხვედრის სტარტზე უნდა უფრთხოდეს. ჯგუფურ ეტაპზე, გოლების მესამედი, ანდალუსიელებმა საწყის 15 წუთში გაიტანეს.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო, ლუჩო, ფერანდო, მოუტინიო, აცუ, მარტინესი, როდრიგესი.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო, სანჩესი, ველიგტონი, დემიკელისი, ანტუნიესი, ტულალანი, კამაჩო, ხოაკინი, ისკო, პორტილიო, სავიოლა.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
მიშა ზაქარეიშვილი
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.