დიდი ამბები იყო ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში, სადაც ადგილობრივი “ბუდუჩნოსტი” ევროთასის ეგიდით თურქულ “ბანვითს” დაუხვდა და 68:74 დამარცხდა, თანაც მასპინძელმა ქომაგებმა სტუმარ კალათბურთელებთან ჩხუბიც მოასწრეს.
სიტუაცია მაშინ აირია, როდესაც სრულიად უწყინარ სიტუაციაში ერთ-ერთი გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და “ბანვითის” დომინიკელ ცენტრ სემი მეჰიას ხელი ჰკრა, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა, რადგანაც პასუხი ამერიკელი ეარლ როულენდისგან მიიღო და რამდენიმე მეტრი “იფრინა”.
მსაჯებმა თურქული გუნდი არ დაინდეს და როულენდის გარდა, რატომღაც მეჰიაც მოედნიდან დაითხოვეს. შედეგად, “ბუდუჩნოსტმა” 4 ჯარიმა ჩააგდო და მეტოქეს სამ ქულამდე დაუახლოვდა, თუმცა, თამაშის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა.