ფეხბურთი

22:31 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილს ნაკრებში დაბრუნება ძალიან ახარებს

სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში დაბრუნებულმა გიორგი მერებაშვილმა „მსოფლიო სპორტთან“ საუბარში განაცხადა, რომ თუკი პოლონეთთან მატჩში თავის გამოჩენის შანსი ექნება შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოაჩენს.

გიორგი მერებაშვილი: „ნაკრებში გამოძახება დიდი გრძნობაა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, ნაკრები ჩემთვის რასაც წარმოადგენს. თამაში თუ მომიწევს, მაქსიმუმს გავაკეთებ.

  • ბერძნულ ოფი-ში ადაპტაცია ხომ არ გაგიჭირდა?
  • ადაპტაციის პერიოდი ძალიან კარგად გავიარე. პირველ პერიოდში გიორგი ლორია ძალიან მეხმარებოდა. გამარკვია კლუბში რა ხდება - მოედანზე და მის გარეთ. მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დიდი ხანია ვიცნობ და ერთადაც კი გვითამაშია. მოკლედ რომ ვთქვა, ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან პრობლემა არ მქონია.
  • ოფი-ში ძირითადად რა პოზიციაზე გიწევს თამაში?
  • საბერძნეთში 4 მატჩი ვითამაშე, ორჯერ ჩემს პოზიციაზე, ერთხელ მარცხნიდან, ერთხელაც მარჯვნიდან. ბოლო თამაშზე გატუზომ მარჯვნიდან მათამაშა. თან მითხრა, რომ ვიცი შენი პოზიცია რომელია, მაგრამ მაინც მარჯვნიდან უნდა გათამაშო. საერთოდ, მარჯვნივ თამაში ცუდად გამომდის.
  • როგორ ფორმაში იმყოფები და პოლონეთთან მატჩში ნაკრებში მიწვევა თქვენი აზრით გუნდში დამკვიდრების რამდენად კარგი შანსია?
  • რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ მიმიწვიეს. „პანათინაიკოსთან“ სადებიუტო მატჩში გოლი გავიტანე. იმის შემდეგ ჩატარებულ შეხვედრაში კი საგოლე პასი გავაკეთე. შანს თუ მომცემენ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა თავი გამოვიჩინო და ქართველი გულშემატკივრები გავახარო.

0.121465