საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ისევე უშედეგოდ აგრძელებს, როგორც დაიწყო. ამირან ტოტიკაშვილის გუნდიდან დღეს ტოკიოს ტატამზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები – ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი გავიდნენ, მხოლოდ ორ-ორი შეხვედრის მოგება მოახერხეს და შეჯიბრს მერვედფინალით დაემშვიდობნენ.
კედელაშვილისთვის გადაულახავი ბარიერი ყირგიზი აზატ კუბაკაევი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ევროპის 3-გზის ჩემპიონს (66 კილოგრამში) ერთი ვაზარი გდებით აართვა, ერთიც გაფრთხილებებით აუღო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - ორივე ძიუდოისტის ანგარიშზე თითო ვაზარი და იუკო იყო, დამატებითში კი მსაჯმა ქართველს მორიგი გაფრთხილება მისცა და გამარჯვებულად ყირგიზი გამოაცხადა. ამ ბრძოლამდე ზაზა კედელაშვილმა ალჟირელი მუსტაფა ბულემია და სამხრეთკორეელი გი-მან ბანგი იპონებით დაამარცხა.
ტატალაშვილმა სადებიუტო მსოფლიოს პირველობა იემენელი ზეიად მატერის იოლად ძლევით გახსნა. შემდეგ ჩეხ იარომირ ჟეზეკსაც ნაადრევად მოუმთავრა საქმე, მაგრამ მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ჰიროუკი აკიმოტოსთან მე-4 წუთზე შებოჭვაზე მოჰყვა.
73 კილოგრამში იაპონელებმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სიახლე მთლად მაქსიმალურად ვერა, მაგრამ მაინც მშვენივრად შეირგეს. მასპინძელთა ნაკრების ორივე წევრი კვარცხლბეკზე ავიდა. აკიმოტოს ოქროზე უკვე ვთქვით, იასუჰირო ავანო კი ბრინჯაოს დაეუფლა, სამხრეთკორეელ კი-ჩუნ ვანგთან ერთად. ვერცხლის მედალი ჰოლანდიელმა დექს ელმონმა ირგუნა.
მაქსიმუმი იაპონელებმა 63 კილოგრამში მოჭიდავე ქალებისგან მიიღეს – ოქრო-ვერცხლი და რა უნდა მოხდეს, რომ გუნდურ ჩემპიონობაში ვინმე შეეცილოთ. ცნობისთვის, 57 კილოგრამშიც მასპინძელმა ირგუნა ოქრო.
12 სექტემბერს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო ქალებისთვის 48 და 52 კილოგრამებში გაითამაშებენ მედლებს.
დღესვე, ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 13 სექტემბერს ჩასატარებელი აბსოლუტური წონითი კატეგორიის სატურნირო ბადე გამოფინეს. მასში არა 2, არამედ 4 ქართველია. ალექსანდრე მსხალაძის შესახებ თავიდანვე იყო ცნობილი, რადგან ამირან ტოტიკაშვილმა იგი ტოკიოში სწორედ აბსოლუტურში საჭიდაოდ იახლა. მწვრთნელმა იაპონიაში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ მსხალაძეს 100 და +100 კილოგრამში ნაჭიდავებ ძიუდოისტთაგან ერთ-ერთს დაამატებდა, მაგრამ საბოლოოდ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან დაწესებული ქვოტა მაქსიმალურად გამოიყენა. მსოფლიო პირველობის დასკვნით დღეს ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი და ლევან ჟორჟოლიანი ერთხელაც მოირგებენ კიმონოს.
მსხალაძის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯოშუა დალი იქნება, გუჯეჯიანი მონღოლ ტუგულდურ ბაიარსაიხანს დაუპირისპირდება, ოქრუაშვილი – პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩს, ჟორჟოლიანი - ესპანელ ანხელ პარას.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
ტოკიო. 11 სექტემბერი
კაცები
73 კგ
1 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
2 დექს ელმონი (ჰოლანდია)
3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
3 იასუჰირო ავანო (იაპონია)
ქალები
57 კგ
1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
3 საბრინა ფილზმოზერი (ავსტრია)
3 ლულიეტა ბუკუვალა (საბერძნეთი)
63 კგ
1 იოშიე უენო (იაპონია)
2 მიკი ტანაკა (იაპონია)
3 იარიზა აბელი (კუბა)
3 რამილა იუსუბოვა (აზერბაიჯანი)
ოთარ მაღლაკელიძე







