ევროპის ღია ტურნირზე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ. წინასწარი შეხვედრების შემდეგ 16 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის ბრძოლას 7 განაგრძობს.
81 კილოგრამში კვარცხლბეკი ქართველთა გარეშე შეივსება, რადგან ლევან წიკლაური, იასონ ჩილინდრიშვილი, ლაშა ზურაბიანი და პაატა ღვინიაშვილი საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ და შესაბამისად, რეპეშაჟში გადართვის შანსიც უმალ დაკარგეს.
90 კილოგრამში ლაშა ტაველური და ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ. ორივე აზერბაიჯანელ მეტოქეს დაუპირისპირდება, ტაველური - შაჰინ გაჰრამანოვს, ხოლო ღვინიაშვილი – შეხმად მაგომედოვს. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ზვიად გოგოჭური და ქართულ განაცხადში ვარლამ ლიპარტელიანის ნაცვლად მოხვედრილი ჯუმბერ გიგაური კი ტატამზე თითოჯერ გავიდნენ.
ნახევარფინალში იჭიდავებენ დავით ლორიაშვილი და ლაშა გურულიც (ორივე 100 კგ). ლორიაშვილი ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ებრაელ ორ სასონს დაეჭიდება, გურული – ირანელ ჯავად მაჰჯოუბს. ამავე წონაში საქმეში გიორგი ნოზაძე და გიორგი ქავთარაძეც ჩაერთნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე თითო მოგება დააკლდათ.
მძიმე წონაში ქართული ოთხეულიდან ბრძოლას მხოლოდ ლევან მატიაშვილი გამოეთიშა, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო. ადამ ოქრუაშვილი ნახევარფინალშია და იაპონელ რიუ შიჩინოესთან დაჭიდებას ელის. გიორგი ზაქარიაძე და ონისე ბუღაძე კი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთნენ. რეპეშაჟის ნახევარფინალში ზაქარიაძის მოწინააღმდეგე უკრაინელი მიკიტა დიბრინი იქნება, ხოლო ბუღაძე კიდევ ერთ უკრაინელს – მატიაშვილის მომგებ იაკივ ხამოს შეხვდება.
გადამწყვეტი ბრძოლები სპორტის სასახლეში 17.00 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







