თუკი ფეხბურთის ქომაგი ხარ, სვე-ბედს არ ემდური და საბანკო ანგარიშზეც ბლომად ფული გიჩხრიალებს, განა სისულელე არ იქნება, ამ ზაფხულს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი რომ გამოტოვო?! განა მერე სანანებლად არ გაგიხდება, ასეთ განუზომელ სიამეზე უარის თქმა? ჰოდა, თუკი უკვე საამზაფხულოდ ემზადები და ბარგის შეკვრასაც საცაა დაიწყებ, ალბათ უპრიანი იქნება, წინასწარ გაითვალისწინო რა შეიძლება მოხდეს ბრაზილიაში და როგორ ამბებსა და ხალხს შეიძლება გადაეყაროს იბერთა მიწიდან ბრაზილიაში ჩასული ადამიანი.
- როგორც ბრაზილიამოვლილი ქართველნი გვაუწყებენ, ამ ქვეყანაში განუზომლად სჯერათ შამანობისა და იმისა, რომ ადამიანებს ერთმანეთის დათარსვა შეუძლიათ. ამიტომ, შეეცადეთ ბრაზილიაში ყოფნის დროს ჩაცმულობითა და ქცევით ნაკლებად გამოირჩეოდეთ, თორემ ბრაზილიის ნაკრების შესაძლო წარუმატებლობას თქვენ დაგაბრალებენ და ისეთი ხალხს შეიძლება გადაგეყაროთ, რომლებიც თქვენი ბარკლებისაგან შესანიშნავ შაშხს მოამზადებენ.
- ეცადეთ საცხოვრებლად ისეთი ადგილი შეარჩიოთ, სადაც ახლო-მახლოს ბევრი უცხოელი გულშემატკივარი იქნება. გამორჩეულად უმჯობესია, თუკი ევროპელ ქომაგებს მიეკედლებით, თორემ ბრაზილიის მუნდიალზე მოვლენები ისე შეიძლება განვითარდეს, რომ არგენტინის ანდა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების ქომაგებმა გაჩენის დღე და ბრაზილიის დაარსების თარიღი შეიძლება დასწყევლონ.
- არც კი გაბედოთ ”ქართულად მოქცევა” და ბრაზილიელი გამყიდველებისათვის რაიმეს აწაპვნა. ბრაზილელები შვედები ან ჰოლანდიელები ნუ გგონიათ. თუკი შეატყვეს, რომ რაიმეს იპარავთ, მაშინ ძალიან ცუდადაა თქვენი საქმე და სანამ თქვენი ძვლები ყვავ-ყორნებს დაუკორტნიათ, კარგი იქნება მთელი ხმით თუ აბღავლდებით და პოლიციას მოუხმობთ საშველად
- პოლიციასთან დამოკიდებულება კიდევ ცალკე საკითხია... მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი პოლიციელები გვარიანად კორუმპირებული ხალხია, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ზემდგომთა მიერ პოლიციელები მკაცრად იქნებიან გაფრთხილებულები და ორიოდე გროშის გამო ტურისტებისათვის თავის მობეზრებისგან ალბათ თავს შეიკავებენ. თუმცა, რაკი მუნდიალისას ბრაზილიის ქუჩებში ბევრი ხალხი იმოძრავებს და პოლიციასაც ძალიან ბევრი საქმე ექნება, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი სრულიად უდანაშულოს არაფრის გამო გადაგიგრეხენ ხელებს. რას გაუგებ სამხრეთამერიკულ პოლიციას...
- თუკი ბრაზილიის ნაკრებს არ გულშემატკივრობთ, სხვა ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებების მაისურები ჩაიცვით კონკრეტულად თამაშის დროს სტადიონზე, ანდა სტადიონის გარეთ და კარგი იქნება თუკი მარტო არ ივლით ასეთი მაისურებით, თორემ მჟავეღვინონასვამ ბრაზილიელებთან მაისურების თემაზე გასაუბრება სულაც არ იქნება საამო.
- თუკი ბრაზილიელ ასულთა სილამაზემ მოგხიბლათ და ჩვენ რომ ვიცით “ის” ამბავი მოგინდებათ ნამეტნავად, “მოსახდენი” უმჯობესა, თუკი თქვენივე სასტუმროში და თქვენივე ნომერში მოხდეს, რადგან კრიმინალთა ცნობილი ხერხია, როდესაც ლამაზ ასულებს მავან შტერ ტურისტებთან უშვებენ. ტურისტებს ასულთა სილამაზე აშტერებთ, ცხვარივით მიჰყვებიან სრულიად უცნობ და ბნელ ალაგას, საიდანაც ნიფხვისამარა და სამყაროზე დაბოღმილები ბრუნდებიან უკან.
- დაბოლოს, თუკი ბრაზილიაში თქვენსავით ჩამოსულ სხვა ქართველ ქომაგებსაც გადააწყდით, სულაც არაა აუცილებელიო, რომ კაი დაშხოშიანად ჩაჰკოცნოთ ერთურთი. ბრაზილიაში მამაკაცთა ჩაკოცვნანი სულ სხვანაირად აღიქმება და უმჯობესი იქნება, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით თუ დაკმაყოფილდებით.