საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები VI მსოფლიო თასისთვის მზადებას შეუდგა, რომელიც ამა წლის 28-30 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, “ლუჟნიკის” სტადიონზე გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქართული 7-კაცა წარმატებით ვერ დაიკვეხნის, ის 2001 წლიდან მოყოლებული ზედიზედ მეოთხედ მოხვდა იმ 24 საუკეთესო გუნდს შორის, რომლებიც მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ. მოსკოვში კახა ალანიას შეგირდები D ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები ახალი ზელანდიის, კანადისა და აშშ-ს ნაკრებები იქნებიან. “ოლ ბლექსი” 7-კაცა მსოფლიო სერიის მოქმედი და ყველაზე მეტჯერ გამარჯვებულია (რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე ეტაპად იმართება), მსოფლიო თასს კი, მხოლოდ ერთხელ, 2001 წელს ფლობდა. აშშ-ს და კანადის გუნდებმა წლევანდელ სერიაში შესაბამისად მე-11 და მე-12 ადგილები დაიკავეს, ხოლო საქართველოს ნაკრები სერიებში არც წელს მონაწილეობდა და ვერც მომავალი გათამაშების საგზური მოიპოვა. ამრიგად, ჩვენი გუნდი ამ ჯგუფის აუტსაიდერად ითვლება.
წარუმატებლობებს თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. მოთამაშეთა მწირი არჩევანის გამო, მთავარი მწვრთნელი პრაქტიკულად ვერასდროს ახერხებს სასურველი შემადგენლობის შეკრებას და ევროპულ და მსოფლიო ტურნირებში სათამაშოდ უმთავრესად ქართულ კლუბებში მობურთალი სპორტსმენები გაყავს. მიუხედავად იმისა, რომ 7-კაცა უკვე ოლიმპიური სახეობა გახდა, საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა პრიორიტეტად 15-კაცა რაგბს მიიჩნევს და ალანიაც მხოლოდ მილტონ ჰეიგის შემდეგ არჩევს სასურველ მოთამაშეებს.
ახლაც მსგავსი სიტუაციაა და 7-კაცას გაფართოებულ შემადგენლობაზე შემდეგი მორაგბეები იმყოფებიან: ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, ბიძინა სამხარაძე, ლევან გოგოლაშვილი, ირაკლი გეგენავა, თორნიკე ცერცვაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, ირაკლი ღვინჯილია, შავლეგ მახარაშვილი, რამაზ ხარაზიშვილი და დიმიტრი კალანდაძე. ნაკრებთან ერთად ემზადება გიორგი კალმახელიძე, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ჯერ გადაწყვეტილი არაა, შეძლებს თუ ვერა ის მოსკოვში გამგზავრებას.
კახა ალანია და ნაკრების მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე, ეროვნული ნაკრების არგენტინიდან დაბრუნების შემდეგ (რომელსაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ტესტ-მატჩი 22 ივნისს ელის), შემდეგი მოთამაშეების დამატებას გეგმავენ: ვიტო კოლელიშვილი, ირაკლი მაჩხანელი, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, მერაბ კვირიკაშვილი, შალვა სუთიაშვილი და გიორგი ჩხაიძე.
დადგეგმილი იყო თედო ზიბზიბაძის გამოძახებაც, მაგრამ IRB-ს თბილისის თასზე ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან მიღებული მუხლის ტრავმის გამო, მისი თამაში გამოირიცხა.
განრიგის მიხედვით, მოსკოვში 7-კაცა ნაკრებს პირველ მატჩს 28 ივნისს, ამერიკელების წინააღმდეგ უწევთ და ის თბილისის დროით 16:06 საათზე დაიწყება. 29 ივნისი უფრო დატვირთული იქნება 09:44 საათზე ქართველთა მეტოქე ახალი ზელანდია იქნება, ხოლო 13:46 საათზე კანადა. ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა, თუ რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ნაკრები და ვინ იქნებიან მათი მომავალი მეტოქეები.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა პირდაპირი ტელეტრანსლიაცია, ვიდეო-სთრიმის მისამართი კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ყველა მატჩის პირდაპირ ჩვენებას რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებ-გვერდი (irb.com) უზრუნველყოფს.