რაგბი

11:12 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცამ კარგად დაიწყო

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ლიონში მიმდინარე ევროპის გრან პრის პირველ სათამაშო დღეს სამი თამაშიდან ორში გამარჯვება მოიპოვა და თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში აგრძელებს.

გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ალანიას შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების მოთამაშეების გამოძახების საშუალება რომ მიეცა შედეგმაც არ დააყოვნა. პირველ მატჩში ქართველთა მეტოქე იტალია იყო და ის მე-2-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ზურაბ ძნელაძემ და ალექსანდრე ხუციშვილმა შესვენებამდე უპასუხეს ორი ლელოთი, მერაბ კვირიკაშვილმა ორივე გარდასახვა შეასრულა და ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო კვლავ იტალიელებმა გაიტანეს და ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო, თუმცა, მე-12-ე წუთზე დავით კაჭარავა ბოლო მცველზე ჯიქურ რომ მივიდა და მესამე ლელო გავიდა, გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა. მატჩი რომ განახლდა ძნელაძემ კვირიკაშვილის კარგი თამაშის შემდეგ დუბლი გაახერხა და საქართველომ 24:12 იმარჯვა.

მომდევნო მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე მასპინძელი საფრანგეთი იყო. მეტოქის ლელოს ლელოთივე კაჭარავამ რომ უპასუხა და კვირიკაშვილმა გარდასახა, ტაიმი 7:7 დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში ფრანგებმა იმძლავრეს, კიდევ სამი ლელო გაიტანეს და 26:7 იმარჯვეს.

გერმანიასთან გასამართი შეხვედრა დიდ მნიშვნელობას იძენდა იქ ქართველმა მორაგბეებმა სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება ბოლოსღა მოახერხეს. კვირიკაშვილის ადრეულ ლელო-გარდასახვას გერმანელებმა ორი ლელოთი უპასუხეს და ტაიმი 14:7 მოიგეს. მეორე ტაიმში ძნელაძემ ლელო გაიტანა და კვირიკაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მეტოქე საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე კვლავ ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. თედო ზიბზიბაძის ლელოს შემდეგ, გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და მარცხის საშიშროება დადგა, მაგრამ სულ ბოლოს ზურაბ ძნელაძემ მეოთხე ლელოს გატანა მოახერხა და საქართველოს ნაკრებმა 24:21 იმარჯვა.

მეოთხედფინალში ალანიას შეგირდები ბელგიას ეთამაშებიან და თამაში თბილისის დროით 12:44 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ბელგიელებმა ჯგუფშისამივე თამაში მოიგეს და თან როგორ მეტოქეებთან - ინგლისთან 14:12, უელსთან 24:7 და შოტლანდიასთან 26:12. მოგების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ინგლისსა და ესპანეთს შორიას გამარჯვებული იქნება.

 

შემადგენლობა: 1. ლაშა მალაღურაძე, 2. თედო ზიბზიბაძე, 3. ბაჩო კოლელიშვილი, 4. დავით კაჭარავა, 5. შავლეგ მახარაშვილი, 6. ზურაბ ძნელაძე, 7. გიორგი ფრუიძე, 8. ალექსანდრე ხუციშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 11. მერაბ შარიქაძე, 12. დიმიტრი კალანდაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, ზაზა ლეჟავა

მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე

თეგებირაგბი7 კაცა
0.116419