საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ლიონში დასრულებული ევროპის გრან პრი მეექვსე ადგილზე დაასრულა.
ჯგუფურ ეტაპზე იტალიის (24:12) და გერმანიის (24:21) ძლევის შემდეგ, რასაც საფრანგეთთან მარცხი მოყვა (7:26), კახა ალანიას შეგირდები მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ორი ლელო მიიღეს, რასაც ზუსტი გარდასახვები მოჰყვა. მერაბ შარიქაძემ მე-11-ე და მე-14-ე წუთებზე ლელოებში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა მხოლოდ პირველი გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრები 12:14 დამარცხდა.
მეხუთე-მერვე ადგილების ნახევარფინალში ქართველების მეტოქე ინგლისი იყო. გიორგი ფრუიძემ დებიუტშივე გახსნა ანგარიში, მაგრამ ინგლისმა ტაიმის მიწურულს ლელოთი წონასწორობა აღადგინა, მე-10-ე წუთზე კი ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. მატჩის მიწურულს ქართველებმა ორი ლელო გაიტანეს, თავი შარიქაძემ და დიმიტრი კალანდაძემ გამოიჩინეს, ამ უკანასკნელმა ერთი გარდასახვა გამოიყენა და მატჩი 17:12 დამარცხდა.
მეხუთე ადგილისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდია იყო და გუნდებმა სამ-სამი ლელო გაცვალეს. ანგარიში შოტლანდიამ გახსნა და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ შესვენებამდე თედო ზიბზიბაძემ და მერაბ შარიქაძემ ლელოებით წინ საქართველო გაიყვანეს - 10:7. სამწუხაროდ, სქოთებმა მეორე ტაიმის პირველნახევარში კიდევ ორი ლელო და გარდასახვა გაიტანეს, ალექსანდრე ხუციშვილმა ლელოებში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 15:21.
ამრიგად, ევროპის გრან პრის პირველ, ლიონის ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 12 გუნდს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. მეორე ეტაპი 28-29 ივნისს მოსკოვში გაიმართება, კიდევ ორ ეტაპს კი, სექტემბერში მანჩესტერი და ბუქარესტი უმასპინძლებს.
შემადგენლობა: 1. ლაშა მალაღურაძე, 2. თედო ზიბზიბაძე, 3. ბაჩო კოლელიშვილი, 4. დავით კაჭარავა, 5. შავლეგ მახარაშვილი, 6. ზურაბ ძნელაძე, 7. გიორგი ფრუიძე, 8. ალექსანდრე ხუციშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 11. მერაბ შარიქაძე, 12. დიმიტრი კალანდაძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, ზაზა ლეჟავა
მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე