საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ლიონში გამართულ ევროპის გრან-პრის პირველ ეტაპზე ძალიან ცუდად ითამაშა, შვიდიდან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, ისიც ჯგუფურ ეტაპზე და საბოლოოდ 12 გუნდს შორის ბოლო ადგილი დაიკავა.
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ალანია სასურველი შემადგენლობის შეგროვებას რომ ვერ ახერხებს არახალია, ამჯერად კი, მიზეზთა გამო სულაც განსხვავებული შემადგენლობა შეკრიბა. ლიონში ითამაშეს რამაზ ხარაზიშვილმა, ზურაბ ძნელაძემ, ირაკლი ღვინჯილიამ, შავლეგ მახარაშვილმა, რევაზ გიგაურმა, ლევან გოგოლაშვილმა, გიორგი ჯიმშელაძემ, ბახვა კობახიძემ, თორნიკე ცერცვაძემ, გიორგი ბიწაძემ, ირაკლი გეგენავამ და ივანე დავითაშვილმა.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იყო, რომელმაც შესვენებამდე 7 წუთში 4 ლელო გაიტანა, სამი გარდასახვა გამოიყენა და მეტოქე 26:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ თამაშმა აზრი დაკარგა და მატჩის მიწურულს ღვინჯილიას მიერ გატანილმა ლელომ და გარდასახვამ მხოლოდ ანგარიში შეალამაზა - 7:26. მეორე მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გვქონდა და გამარჯვებაც გვმართებდა, მაგრამ პირველი ტაიმი აქაც საშინელი გამოდგა და მეტოქე 3 ლელოთი და გარდასახვით 21:0 დაწინაურდა. რუმინელებმა მეორე ნახევრის დასაწყისში მეოთხე ლელოც მიითვალეს და მატჩის მიწურულს ჯიმშელაძისა და გოგოლაშვილის ლელოებმა ვეღარაფერი შეცვალეს.
ძლიერ ინგლისთან, რომელიც საბოლოოდ ლიონის ეტაპის გამარჯვებული გახდა, საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა. მეტოქის ორ სწრაფ ლელოს გიგაურმა ლელოთი და გარდასახვით ტაიმის მიწურულს უპასუხა - 7:10. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისის სინბინით დაისაჯა და ბიწაძემ ნაკლულ მეტოქეს ლელო გაუტანა, მაგრამ საქართველოს ლიდერობა 3 წუთს გაგრძელდა. მერე ინგლისმა ლელოთი უპირატესობა დაიბრუნა, გარდასახვას მატჩის მიწურულს ჯარიმა მიაყოლა და 20:12 იმარჯვა.
ჯგუფურ ეტაპზე უკრაინასთან გამართული მატჩი ისეთი გამოვიდა, ყველას რომ გაგვიხარდებოდა. ქართველებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, 6 ლელო გაუტანეს და 34:5 იმარჯვეს. ანგარიში ძნელაძემ გახსნა, მერე თავი ჯიმშელაძემ გამოიჩინა, უკრაინამ მალევე გაიტანა საპასუხო ლელო, თუმცა, შესვენებამდე ბიწაძემ კიდევ ერთხელ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში - 15:5. მეორე ტაიმში ლელოები ღვინჯილიამ, გოგოლაშვილმა და გიგაურმა მიითვალეს, 2 გარდასახვა ჯიმშელაძემ და თეთრაშვილმა გაიტანეს და საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით იმარჯვა. ტურნირის მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში უელსი საქართველოსთვის ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. პირველ ტაიმში მეტოქემ 2 ლელო გაიტანა და ერთი გარდასახვა გამოიყენა, ღვინჯილიამ ერთი ლელო ზედ შესვენების წინ გაქვითა და ჯიმშელაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა (7:12), მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქემ ოთხჯერ აიღო საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანი და საქართველომ ჯგუფში მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა.
IX-XII ადგილების ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს მეტოქედ იტალია ერგო და ტაიმი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 7:5. მეტოქის მიერ პირველ წუთზე გატანილ ლელოს, ლელოთი მე-6 წუთზე ხარაზიშვილმა უპასუხა, ხოლო ღვინჯილიამ გარდასახვა გამოიყენა. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში იტალიელებმა ორი ლელოს გატანა შეძლეს, გარდასახვებიც ზუსტი იყო და მეტოქემ 19:7 იმარჯვა. ბოლო ადგილისთვის თავის დასაღწევად, ქართველებს ჯგუფში უკვე ძლეული უკრაინის დამარცხება მართებდათ, მაგრამ ღვინჯილიას ადრეულ ლელოს უკრაინელებმა სამით უპასუხეს, 19:5 იმარჯვეს და საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე დატოვეს.
ევროპის გრან-პრი 7-კაცა რაგბში
I ეტაპი. ლიონი (საფრანგეთი). 8-9 ივნისი
A ჯგუფი
უელსი - რუმინეთი 38:0
ესპანეთი - საქართველო 26:7
ინგლისი - უკრაინა 45:0
საქართველო - რუმინეთი 10:26
უელსი - უკრაინა 50:0
ინგლისი - ესპანეთი 33:5
უკრაინა - რუმინეთი 24:12
ინგლისი - საქართველო 20:12
ესპანეთი - უელსი 12:28
საქართველო - უკრაინა 34:5
ესპანეთი - რუმინეთი 7:37
ინგლისი - უელსი 7:12
ესპანეთი - უკრაინა 22:7
უელსი - საქართველო 40:7
ინგლისი - რუმინეთი 24:0
1 | უელსი | 5 | 5 | 0 | 0 | 168-26 | 15 |
2 | ინგლისი | 5 | 4 | 0 | 1 | 129-29 | 13 |
3 | რუმინეთი | 5 | 2 | 0 | 3 | 75-103 | 9 |
4 | ესპანეთი | 5 | 2 | 0 | 3 | 72-112 | 9 |
5 | საქართველო | 5 | 5 | 0 | 4 | 70-117 | 7 |
6 | უკრაინა |
5 | 1 | 0 | 4 | 36-163 | 7 |
B ჯგუფი
რუსეთი - გერმანია 38:14
საფრანგეთი - შოტლანდია 31:5
პორტუგალია - იტალია 19:7
შოტლანდია - გერმანია 19:21
რუსეთი - იტალია 41:5
პორტუგალია - საფრანგეთი 7:35
იტალია - გერმანია 14:14
პორტუგალია - შოტლანდია 10:32
საფრანგეთი - რუსეთი 17:14
შოტლანდია - იტალია 14:5
საფრანგეთი - გერმანია 33:19
პორტუგალია - რუსეთი 0:12
საფრანგეთი - იტალია 12:7
რუსეთი - შოტლანდია 19:7
პორტუგალია - გერმანია 31:7
1 | საფრანგეთი | 5 | 5 | 0 | 0 | 128-52 | 15 |
2 | რუსეთი | 5 | 4 | 0 | 1 | 124-43 | 13 |
3 | შოტლანდია | 5 | 2 | 0 | 3 | 77-86 | 9 |
4 | პორტუგალია | 5 | 2 | 0 | 3 | 67-93 | 9 |
5 | გერმანია | 5 | 1 | 1 | 3 | 75-135 | 8 |
6 | იტალია |
5 | 0 | 1 | 4 | 38-100 | 6 |
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
საქართველო - იტალია 7:19
უკრაინა - გერმანია 7:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
რუმინეთი - პორტუგალია 0:10
ესპანეთი - შოტლანდია 5:12
თასის ნახევარფინალები
უელსი - რუსეთი 12:14
ინგლისი - საფრანგეთი 21:7
XI ადგილისთვის
საქართველო - უკრაინა 5:19
IX ადგილისთვის
იტალია - გერმანია 15:12
VII ადგილისთვის
რუმინეთი - ესპანეთი 5:7
V ადგილისთვის
პორტუგალია - შოტლანდია 26:7
III ადგილისთვის
უელსი - საფრანგეთი 10:12
ფინალი
რუსეთი - ინგლისი 5:33