საქართველოს მორაგბეთა საუნივერსიტეტო 7-კაცა ნაკრებმა ყაზანში მიმდინარე უნივერსიადის მეორე სათამაშო დღეს ორივე თამაში მოიგო და ფიალისთვის ბრძოლას განაგრძობს.
პირველ სათამაშო დღეს ბელგიასა (0:26) და დიდი ბრიტანეთის (0:38) საუნივერსიტეტო ნაკრებებთან მშრალი მარცხების შემდეგ, ცხადი იყო, რომ ზაზა ლეჟავას შეგირდები თასისთვის ბრძოლას ვერ გააგრძელებდნენ. სამაგიეროდ, დღეს მათ ჯგუფის დასკვნით მატჩში მალაიზია 40:5 დაამარცხეს და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს. დღის ბოლოს ფიალის ნახევარფინალში ქართველი მორაგბეები ნამიბიას ეთამაშნენ, მალაიზიელთა მსგავსად, მათ აფრიკელებსაც 6 ლელო გაუტანეს, 5 გარდასახვა გამოიყენეს და ამჯერად 40:7 იმარჯვეს.
ხვალ, თბილისი დროით 16:12 საათზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში უკრაინას 17:0 სძლია. მანამდე, ჯგუფურ ეტაპზე, ბრაზილიელებმა რუმინეთს 17:7 მოუგეს, მაგრამ საფრანგეთთან (0:36) და იტალიასთან (12:22) დამარცხდნენ და ჯგუფში მე-3 ადგილს დასჯერდნენ.
ფიალის მეორე ნახევარფინალში კანადა ლატვიას ეთამაშება. ფიალის ფინალი კი 17 ივლისს, 10:25 საათზე დაიწყება.
საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები ყაზანში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ბაჩო კოლელიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ჯიმი ღამბაშიძე, ბაჩანა ჯოგლიძე, გიორგი ჭყოიძე, ალექსი ხუციშვილი, საბა შუბითიძე, ივა დავითაშვილი, შაკო დავითაშვილი, ლევან გოგოლაშვილი, ირაკლი გეგენავა, ბახვა კობახიძე.
მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა