კალათბურთი

15:51 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში დეკემბრის საუკეთესოები გამოარჩიეს

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეები, ახალბედები და მწვრთნელები დაასახელეს.

თვის კალათბურთელებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “ტორონტო რეპტორზის” გამთამაშებელი კაილ ლოური, ხოლო დასავლეთში “ჰიუსტონ როკიტსის” შემტევი მცველი ჯეიმს ჰარდენი გამოარჩიეს.

ლოურიმ დეკემბერში 6 ორმაგი დუბლი შეასრულა და 30 ქულაზე მეტი სამ მატჩში ჩააგდო, “იუტა ჯაზთან” შეხვედრაში კი 39 ქულა მიითვალა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ტორონტოელის საშუალო მონაგარი 22.3 ქულა და 8.9 პასი იყო. რაც შეეხება ჰარდენს, იგი თვის განმავლობაში საშუალოდ 30.6 ქულას აგროვებდა და ეს, მთელს ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

დეკემბრის მოთამაშეობაზე პრეტენზიას ჯო ჯონსონი (“ბრუკლინი”), კემბა უოკერი (“შარლოტი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), მაიკ კონლი, მარკ გასოლი (ორივე – “მემფისი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), ერიკ ბლედსოუ, გორან დრაგიჩი (ორივე – “ფინიქსი”), ბლეიკ გრიფინი, დეანდრე ჯორდანი, კრის პოლი (ყველა – “კლიპერსი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), ლამარკუს ოლდრიჯი, დემიან ლილარდი (ორივე – “პორტლენდი”), ტიმ დანკანი (“სან ანტონიო”), ჯონ უოლი (“ვაშინგონი”) აცხადებდნენ.

დეკემბრის ახალბედებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “ჩიკაგო ბულზის” ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი აღიარეს, დასავლეთში კი – “მინესოტა ტიმბერვულვზის” წევრი ენდრიუ უიგინსი.

მიროტიჩი თვის განმავლობაში ჩატარებული 15 მატჩიდან 9-ში ათ ან მეტ ქულას აგდებდა, “მემფის გრიზლისთან” კი პირადსარეკორდო 27 ქულა მოაგროვა. თავის მხრივ, უიგინსი ახალბედებს შორის საშუალოდ ჩაგდებული ქულებით (14.6) პირველ ადგილზეა.

დეკემბრის ახალბედად აღიარების შანსი იუსუფ ნურკიჩს (“დენვერი”), ჯაბარი პარკერს (“მილუოკი”), ზაკ ლავინს (“მინესოტა”), ელფრიდ პეიტონს (“ორლანდო”), კეი ჯეი მაკდანიელსს და ნერლენს ნოელსაც (ორივე – “ფილადელფია”) ჰქონდათ.

თვის საუკეთესო მწვრთნელებად დასახელების პატივი აღმოსავლეთ კონფერენციაში “ატლანტა ჰოუქსის” თავკაც მაიკ ბუდენჰოლცერს ერგო, დასავლეთში კი – “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” დამრიგებელ ტერი სტოტსს.

დეკემბერში ბუდენჰოლცერის მეთაურობით ჯორჯიელებმა 16-დან 14 შეხვედრა მოიგეს, რაც ლიგის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. თანაც, “ჰოუქსს” ჯერ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, შემდეგ კი ცხრათამაშიანი. რაც შეეხება “პორტლენდს”, ამ გუნდმა 16-დან მხოლოდ 3 მატჩი დათმო და მისმა მეტოქეებმა ასქულიან ზღვარს ასევე 3-ჯერ გადააბიჯეს.

გასული წლის ბოლო თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე პრეტენზიას ტომ ტიბოდო (“ჩიკაგო”), რიკ კარლაილი (“დალასი”), სტივ კერი (“გოლდენ სტეიტი”), დოკ რივერსი (“კლიპერსი”), ჯეისონ კიდი (“მილუოკი”), სკოტ ბრუკსი (“ოკლაჰომა სიტი”), დუეინ კეისი (“ტორონტო”) და რენდი უიტმენი (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.119688