საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ახალ ოფისში გადასვლას გეგმავს. სოკ-მა უკვე გამოავლინა კონკურსის გამარჯვებული, რომელიც შენობის პროექტზე იმუშავებს. ეს არის დანიური კომპანია 3XN.
ახალი შტაბ-ბინა კვლავ ლოზანაში, ამჟამინდელი რეზიდენციის გვერდით, შატო დე ვიდში აშენდება და მისი ფართობი 18 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, მთლიანად კომიტეტის ტერიტორია კი 2.4 ჰექტარს დაიკავებს.
სოკ-ის თანამშრომელთა რიცხვი დღესდღეობით 600 კაცს შეადგენს, რომლებიც ხუთ სხვადასხვა ოფისში არიან განაწილებულნი, ახალ ოფისში კი შესაძლებელი იქნება ყველანი ერთად განთავსდნენ.
პროექტის ღირებულება 159 მილიონ დოლარს შეადგენს, რომლის უდიდეს ნაწილსაც სოკ-ი კრედიტის სახით აიღებს.
ოთხ შენობას, რომლებსაც სოკ-ი ოფისებად იყენებს, დემონტაჟი ჩაუტარდება, ხოლო შატო დე ვიდის ისტორიული რეზიდენცია ხელშეუხებელი დარჩება.
www.geonoc.org.ge