ფეხბურთი

22:01 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” ახალი ხელმძღვანელობით და სრული სვლით მაღალი მიზნებისაკენ

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ რამდენიმე საფეხბურთო კლუბი უმძიმეს მდგომარეობაში მოექცა. ზოგიერთი მათგანის ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. გულშემატკივართა ინფორმაციით ასეთი გუნდების რიცხვს ქვეყნის სამგზის გამარჯვებული ქუთაისის “ტორპედოც” განეკუთვნებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რიონისპირელთა საფეხბურთო კოლექტივს გიორგი დარასელია უთავკაცებდა. ეს ინფორმაცია დადასტურდა დღეს, როდესაც ქალაქის ვიცემერმა ნოდარ მიქიაშვილმა და გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ “ცენტრალური” სტადიონის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილებს წარუდგინეს “ტორპედოს” ახალი მწვრთნელი და ის ფეხბურთელები, რომლებიც მეორე წრიდან დაიცავენ ქუთაისური კლუბის ღირსებას.

გიორგი დარასელია: “მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობას, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო იმ გუნდის მწვრთნელი, რომელშიც დავიწყე საფეხბურთო კარიერა. “ტორპედოსთან” უახლოეს ხანში კონტრაქტს გააფორმებენ ნიკა საბანაძე, ზაზა ჭელიძე და ირაკლი კლიმიაშვილი. გუნდიდან არცერთი ფეხბურთელი გამიშვია. ამ მომენტისათვის გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს. ვეცდებით თურქულ შეკრებამდე გუნდი დავაკომპლექტოთ. გვყავს ერთი ლეგიონერი, ბოსნიელი კიპერი საშა მიშიჩი, რომლის შესახებ გადაწყვეტილებასაც უახლოეს დღეებში მივიღებთ. პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, მათ შორის თენგიზ ჩიკვილაძე, რომელიც 8 იანვრიდან გუნდს შეუერთდება. ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს, რომელთა შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვიქნებით. ერთად დგომით, ვეცდებით ქუთაისს ის ფეხბურთი დავუბრუნოთ, რომელიც ეკუთვნის”.

ტორპედოელთა ახალი თავკაცის შემდეგ სიტყვა ქალაქის ვიცემერმა ნოდარ მიქიაშვილმა აიღო, რომელმაც ქუთაისური ფეხბურთის ქომაგები ოპტიმისტურად განაწყო: “მადლობა კომპანია “ვისოლს” ქუთაისური ფეხბურთის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ამიერიდან “ტორპედოს” ახალ სამწვრთნელო შტაბი წარუძღვება. მადლობა გიორგი დარასელიას, რომელიც დათანხმდა ჩვენს წინადადებას. გუნდი უკვე მერიის საკუთრებაა. მომავალ საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება მისი დაფინანსების საკითხიც. სეზონის დასრულებამდე “ტორპედო” 800000 ლარზე მეტს მიიღებს, რაც ამ ეტაპზე ვფიქრობ კარგი გუნდის შესაქმნელად საკმარისი უნდა იყოს. მერია მანამ იზრუნებს “ტორპედოზე”, სანამ ახალ სპონსორს არ მოუძებნის”.

ქალაქის ერთერთი ხელმძღვანელის შემდეგ სიტყვით გუნდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე გამოვიდა: “საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ქუთაისურ კლუბში გაჭირვება სუფევდა, არ იყო ნორმალური კვება, დაფინანსება და სავარჯიშო პირობები. ვაცხადებ, რომ ეს ტყუილი გახლდათ. რაც ამ გუნდში ვარ, გუნდი მიტოვებული არასოდეს ყოფილა. ფეხბურთელებს ჰქონდათ აბსოლუტურად ყველაფერი - კვება, ხელფასები და პრემიები - ამ მხრივ არანაირი შეფერხება არ ყოფილა. “ტორპედოს” ბევრ კლუბზე უკეთესი პირობები გააჩნდა. ვფიქრობ, ასეთი ინფორმაციების გაჟღერება თავის გასამართლებლად ჭირდებოდა გუნდის წინა ხელმძღვანელობას. ახლა წარსულზე ფიქრის დრო არ გვაქვს, წინ უნდა გავიხედოთ და კარგი კლუბი ჩამოვაყალიბოთ. აქცენტის გაკეთება ადგილობრივებზე გვსურს, თუმცა გასაძლიერებლად არც მოწვეულ ფეხბურთელებზე ვიტყვით უარს. ვფიქრობთ შევცვალოთ კლუბის სიმბოლიკაც. ამასთან ერთად საჭიროა საფეხბურთო სკოლის აღორძინებაც. მჯერა, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად გუნდს ძველ დიდებას დავუბრუნებთ”.

დასასრულს სიტყვა კლუბის ახალწვეულმა ირაკლი კლიმიაშვილმა აიღო, რომელიც ბოლო ხანს რიგის “სკონტოში” ირიცხებოდა: “მოხარული ვარ, “ტორპედოში” თამაშის პატივი რომ მერგო. ქუთაისში ყოველთვის საუკეთესო საფეხბურთო გარემო სუფევდა, ამიტომაც დიდი სიამოვნება იქნება ამ პუბლიკის წინაშე თავის გამოჩენა. დარასელიასთან ადრეც მიმუშავია და ჩემთვის აქ გადმოსვლის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ მასთან მუშაობა გახლდათ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120059