საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა ინგლისის პრემიერშიპში სამთვიანი შესვენების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
“უოსპსთან” ლონდონში 16:41 წაგებულ შეხვედრაში 26 წლის ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე პირველიდან 45-ე წუთამდე დაჰყო, რის შემდეგაც უელსელმა მარკ ჯონსმა შეცვალა.
პირველ ტაიმში სტუმრებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, თავად 3 ლელო გაუშვეს და 9:27 ჩამორჩნენ, ხოლო თამაშის განახლების შემდეგ მეოთხე ლელოც მიიღეს. 51-ე წუთზე ანგარიში უკვე 41:9 იყო და “სეილმა” პრესტიჟის ლელოს გატანა ბოლოსღა მოახერხა.
“ზვიგენები” 30 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან და მომდევნო ტურში 10 იანვარს ერთპიროვნულ ლიდერ “ნორთჰემპტონს” ეთამაშებიან.