ფეხბურთი

10:50 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სესარ მენოტი: “ყოველთვის არგენტინული ფეხბურთის სტილის მიმდევარი ვიყავი”

არგენტინა მწვრთნელ-რევოლუციონერთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ადგილი კი “ელ ფლაკოდ” (“აწოწილი”) წოდებული სესარ ლუის მენოტია. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იგი პირველი მწვრთნელია, რომელიც საკუთარ იმიჯზე მუშაობდა. მან პირველმა დაარღვია სტერეოტიპი, რომლის თანახმად საფეხბურთო დამრიგებელი სათადარიგოთა სკამზე სტატიკურად მჯდომარე ძველმოდური პიჯაკით შემოსილი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ყველაზე მთავარი კი მენოტის რომანტიკული ტაქტიკური კონცეფცია იყო, რომელიც სრულად შეესაბამებოდა მის პიროვნულ ხასიათს.

1978 წელს მაღალი, გამხდარი, გრძელთმიანი და ხელში მუდამ სიგარეტით მყოფი სესარ ლუის მენოტი პლანეტის ცნობილ და ავტორიტეტულ საფეხბურთო სპეციალისტთა რიგში სამუდამოდ ჩაეწერა. სამუნდიალე ტრიუმფის შემდეგ არგენტინელებმა მისი გაუწონასწორებელი და ბუზღუნა ხასიათი მომენტალურად დაივიწყეს, არადა, მანამდე მწვრთნელი ფედერაციის ხელმძღვანელობის, გულშემატკივართა და ფეხბურთელთა კრიტიკის ობიექტიც კი იყო.

1978 წლის ტრიუმფი ხანგრძლივი პროცესის ლოგიკური დასასრული გახლდათ. მენოტი არაფერს აკეთებდა სპონტანურად, გარკვეული გეგმის გარეშე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას გუნდის დაკომპლექტებას უთმობდა. სელექციისას იგი აქცენტს ყოველთვის ნიჭიერ მოთამაშეებზე აკეთებდა. საფეხბურთო ტალანტის მქონე ადამიანისგან ათლეტის ჩამოყალიბება სავსებით შესაძლებელია, მარტო ფიზიკური მონაცემების მქონე სპორტმენი კი მხოლოდ კონდიციას თუ მოუმატებსო, ამგვარი მიდგომით მენოტიმ 1978 წელს მშვენიერი საშემსრულებლო ანსამბლი შეკრა, რომელიც შემტევი, შემოქმედებითი, მიმზიდველი ფეხბურთის მიმდევარი იყო. 1986 წელს არგენტინა მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ პრაგმატიკოსი კარლოს ბილარდოს გუნდი დიდწილად მენოტის კრებულის ანტიპოდი იყო. სწორედ ამიტომ სპეციალისტთა და გულშემატკივართა ლექსიკონში დამკვიდრდნენ ტერმინები – “მენოტისმო” და “ბილარდისმო”.

ლუის სესარ მენოტის მიერ გადადგმული სამწვრთნელო ნაბიჯები ყოველთვის განსჯისა და კამათის საფუძველი ხდებოდა. თუნდაც, 1978 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში დიეგო არმანდო მარადონას არშეყვანა რად ღირს! “ელ ფლაკოდ” წოდებული მენოტი მეტად უცნაური და მოულოდნელი გამონათქვამებითაც გამოირჩევა და ამაში ჩვენი გაზეთის მკითხველიც დარწმუნდება, როდესაც ერთ-ერთი ესპანური გამოცემისთვის მენოტის მიერ მიცემულ ინტერვიუს გაეცნობა.

- ბოლო ხანს სხვადასხვა სახის პრეტენზიას გამოთქვამთ ცალკეულ მოთამაშეთა მისამართით და მთლიანობაშიც თანამედროვე ფეხბურთის მიმართ. იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი ავტორიტეტული აზრი. მაინც რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

- მეცინება, როდესაც სპეციალისტებისა და ჟურნალისტების საგაზეთო წერილებს ვკითხულობ ხოლმე, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, თითქოს თანამედროვე ფეხბურთში ახლა გაცილებით ნაკლები საასპარეზო სივრცეა, ვიდრე უწინ. არ დაიჯეროთ – ეს მტკნარი სიცრუეა. საფეხბურთო მინდვრის ფართობი დღესაც 7 ათასი კვადრატული მეტრია და ბურთიც კვლავინდებურად ნებისმიერ მოთამაშეზე სწრაფად გადაადგილდება. ჩემი აზრით, მოგახსენებთ საქმის არსი რაა – რამდენიმე ათეული წლის უკან სათამაშოდ გასულ გუნდში მისი პრაქტიკულად ყველა წევრი შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელი იყო, ამჟამად კი წამყვან კლუბებშიც კი ამგვარი ყაიდის სამ-ოთხ მოთამაშესღა თუ წააწყდებით. ხომ არ გვავიწყდება, ფეხბურთი უპირველესად თამაში რომაა, ჩვენ კი ბრძოლას, თავგანწირვას, ხისტ პაექრობას ვითხოვთ. არ ვუარყოფ, რომ მონდომებაც უმნიშვნელოვანესია და ფსიქოლოგიური მზადყოფნაც, მაგრამ ნაკლებად ეფექტური ასპარეზობით “საფეხბურთო სულს” ხომ არ ვაზარალებთ? სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, თანამედროვე ფეხბურთელთა 90 პროცენტმა თამაში არ იცის.

- საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ არა მარტო ფეხბურთელებით, სამწვრთნელო კორპუსითაც უკმაყოფილო ხართ...

- არასწორად გაგიგიათ ჩემი საუბარი. თქვენი კოლეგები ჯოხის გადატეხვას ყოველთვის დამრიგებლებზე ცდილობენ. ხშირად წაიკითხავთ, ესა თუ ის სპეციალისტი ცოტას ზარმაცობს და ნაკლები ინტენსივობით ამუშავებს შეგირდებსო. მე კი გეუბნებით, რომ მხოლოდ ფეხბურთელები მუშაობენ აუცილებელზე ნაკლებს. მწვრთნელი რა, ილუზიონისტია, ორი საათის განმავლობაში მოთამაშეს ყველაფერი შეასწავლოს? იქნებ ეს მოხერხდეს კიდეც, თავად ფეხბურთელები რომ იყვნენ აღქმის უკეთესი უნარით დაჯილდოებულნი. ჩემი რწმენით, მწვრთნელებს ეგრეთ წოდებული ტექნიკური პერსონალიც ხელს უშლის. ისინი მუდამ ბლოკნოტმომარჯვებულები არიან და სულ რაღაცას ინიშნავენ. მილიონს გადავიხდიდი, მათი ნაწერების გაცნობის სანაცვლოდ. ვხუმრობ, რასაკვირველია. არ მგონია, ამ ნაწერებში რაიმე მნიშვნელოვანი ამოვიკითხოთ. შესაძლოა, იმ ბლოკნოტებში ის ეწეროს, თუ როდის უნდა წაიყვანონ შვილი დანტისტთან ან რომელ საათზეა მათი საყვარელი ტელეგადაცემა.

- უწინდებური ინტენსივობით აგრძელებთ საფეხბურთო მატჩებისთვის თვალის მიდევნებას?

- დიახ და ნერვებსაც გვარიანად ვიფუჭებ. არ ვიცი, ასეთი ფეხბურთით ბოლოს სადამდე მივალთ. ფეხბურთელებს ცოდნა და უნარი მხოლოდ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნამდე ჰყოფნით. არადა, უპირველესად ის გუნდი იგებს, რომლის მოთამაშეებმაც ორივე საჯარიმო მოედანზე გააზრებული თამაში იციან. საასპარეზო მანერაც მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

- მწვრთნელთა და კლუბის მეპატრონეთა ურთიერთობაზე რას გვეტყოდით?

- როდესაც სახლის აშენებას გადაწყვეტთ და არქიტექტორს დაიქირავებთ, მას სტილს უკვეთავთ და არც აგურის დაწყობას ასწავლით და არც მის ნახაზებს უკირკიტებთ. ასევე უნდა ხდებოდეს მწვრთნელისა და პრეზიდენტის თანამშრომლობის დროსაც. როდესაც პრეზიდენტი დამრიგებელს ირჩევს, მას პასუხიმგებლობას აკისრებს და ამავდროულად მის საფეხბურთო იდეასაც პატივისცემით უნდა მოეკიდოს.

- კარლოს სალვადორ ბილარდომ განაცხადა, “ბილარდისმო” უკვე არ არსებობსო. “მენოტისმო” განაგრძობს ცხოვრებას?

- “მენოტისმო” არც არასდროს არსებობდა. 1978 წლის მუნდიალის მოგება ჩემეული არგუმენტების დაცვაში დამეხმარა. ყოველთვის არგენტინული ფეხბურთის სტილის მიმდევარი გახლდით. მიმდევრობა “მენოტისმო” კი პრესის მორიგი ფანტაზიაა. ბევრი რამ გამიკეთებია და მითქვამს და ორივეს როგორც დადებითი შედეგები მოჰყვა, ასევე უარყოფითი მომენტებიც თან სდევდა.

0.130225