ჩოგბურთი

11:23 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი-მარეის ფინალის მოლოდინში

არაბთა გაერთიანებული საემიროების აბუ დაბის საგამოფენო ტურნირზე დღეს ფინალური მატჩი ჩატარდება, რომელშიც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შოტლანდიელი ენდი მარეი შეხვდებიან. გუშინ ორივე მათგანმა იოლი ნახევარფინალური მოგება იზეიმა.

რეიტინგსიის ლიდერმა ჯოკოვიჩმა შვეიცარიელ სტენ ვავრინკას 6:1, 6:2 მოუგო და ნამატჩევს კმაყოფილი იყო: “თვეზე მეტი არ მეთამაშა, ამიტომ ასეთ სერიოზულ მეტოქესთან წარმატებული გამოსვლა მეტად სასიხარულოა”.

“ნოლესგან” სრულიად საპირისპირო ხასიათზე იყო რაფა ნადალი. მალიორკელმა მარეისთან 2:6, 0:6 წააგო და ასპარეზობის შემდეგ თამაშის მომატების აუცილებლობაზე ისაუბრა: “ასეთი ანგარიშით მარცხი მეტისმეტია, ამასთან, წაგების ფაქტი ნაკლებად გულდასაწყვეტია. ცალკეულ მომენტებში ვგრძნობდი თამაშის რიტმს, თუმცა, მთლიანობაში საშეჯიბრო განწყობა მაინც მაკლდა. წინ დიდი სამუშაო მელის მის მისაღწევად”.

ენდი მარეის რაც შეეხება, ბრიტანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სისწრაფის და კორტზე ეფექტურად გადაადგილების გასაუმჯობესებლად ბოლოხანს ბევრი ვიმუშავე და გარჯამ სათანადო ნაყოფი გამოიღოო.

0.116473