მე-3 მეოთხედის მიწურულს საქართველო ლიტვასთან საკონტროლო მატჩში 43:50 აგებდა და თამაშის გადარჩენის გარკვეული შანსი სჩანდა, თუმცა, მომდევნო რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი 1:19 (!) დათმო და მორიგი გამანადგურებელი მარცხი იწვნია – 51:82.
ქართველი კალათბურთელები, რომლებიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ბოლო პერიოდში სერიოზულ მეტოქეს უკვე მესამედ გადაეყარნენ და სამივე შემთხვევაში, 30 ქულის ფარგლებში მარცხი განიცადეს. ჯერ მაკედონიასთან წააგეს – 55:85, რასაც სლოვენიური კატასტროფა – 68:95 მოჰყვა, ახლა კი, ბალტიისპირეთშიც შევრცხვით...
რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მოსამზადებელ ციკლში შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვფიქრობთ, მდგონარეობა ძალიან არასახარბიელოა. თუკი შესარჩევ თამაშებამდე დარჩენილ ათიოდ დღეში კარდინალური ცვლილება არ მოხდა, ფაქტია, ასეთი შემადგენლობით და ასეთ ფორმაში მყოფ ეროვნულ ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლა გაუჭირდება. ჩეხეთზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც ჩვენი ნაკრების უმთავრეს მეტოქედ მოსჩანს, იოლი ცხოვრება არც უნგრეთთან და პორტუგალიასთან უნდა გველოდეს.
მოსამზადებელ შეხვედრებში მაინცდამაინც ვერავინ ბრწყინავს, თუმცა, ერთი შეხედვითაც სჩანს, რომ უმთავრესი პრობლემა უკანა ხაზშია. მერამდენე თამაშია, ნაკრების წევრებს ელემენტარულად ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა უჭირთ. ამას მოჰყვება ორტარებები, გარბენები, გაუაზრებელი შეტევები. ცალკე საკითხია ჩვენების პერიმეტრზე თამაში და ის, რომ ნაკრებში თითქმის არცერთი დამუშავებული კომბინაცი არ სჩანს.
ცხადია, აღნიშნულის უმთავრესი მიზეზი გუნდში ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილის და რიკი ჰიკმანის არყოფნაა. ამ ფონზე გაურკვეველია, რატომ მუსირებს გარკვეულ წრეებში (მათ შორის ნაკრების კალათბურთელებშიც) აზრი, რომ ჰიკმანის ტრავმის შემდეგ, ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის მოძიება საჭირო არაა და ფონს ჩვენი ძალებითაც გავალთ.
ყოველივეს გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ლაშა გამყრელიძეს იგნორირებაც, რომელსაც ერთ ევრობასკეტზე უკვე უთამაშია, გარკვეული გამოცდილებაც აქვს და ოსტატობით ნაკრებში მის პოზიციაზე მყოფ კალათბურთელებს ნამდვილად უნდა სჯობდეს.
საერთო არასახარბიელო ფონს ემატება გიორგი შერმადინთან დაკავშირებული გაურკვევლობაც, რომელიც ჯერაც რეაბილიტაციას გადის, ტრავმამ შეაწუხა და ლიტვასთან ვერ ითამაშა ვიქტორ სანიკიძემაც...
სხვათა შორის, 20 ივლისს საქართველოს ნაკრები ლიტვას კიდევ ერთხელ გაეჯიბრება, ოღონდ პანევეჟისის ნაცვლად ვილნიუსში და თუ რა დასკვნები გამოიტანა იგორ კოკოშკოვმა მორიგი ფიასკოსგან, მაშინ გავიგებთ, მანამდე კი, სერბმა სპეციალისტმა ასეთი კომენტარი გააკეთა.
“ლიტვაში მოწვევისთვის მადლობას გიხდით. გვიხარია, რომ აქ ვართ. ცხადია, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ, თუმცა, არ ვთვლი, რომ 30-ქულიანი მარცხი ძალების რეალურ განლაგებას ასახავს. ჩვენ იოლად არ ვნებდებით და გპირდებით, რომ მე-2 თამაშში მოწინააღმდეგეს გაცილებით დიდ ბრძოლას გავუმართავთ. რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, მას მცირე ტრავმა აქვს და ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა, თუმცა, საბოლოო 12-კაციან განაცხადში ნამდვილად იქნება”.
www.gbf.ge-ს სტატისტიკა