ურუგვაიში გამომავალი გაზეთის El Pais-ის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრების არგენტინელი დამრიგებელი ხოსე ნესტორ პეკერმანი სამხრეთ ამერიკის 2014 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. 65 წლის არგენტინელის წინამძღოლობით კოლუმბიელებმა შარშანდელ მუნდიალზე მეოთხედფინალამდე გააღწიეს და ამ სტადიაზე ტურნირის მასპინძელ ბრაზილიასთან 1:2 წააგეს.
პეკერმანი პირველი დამრიგებელი გახდა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ზედიზედ სამჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო მწვრთნელად. ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ კონტინენტის საუკეთესო მწვრთნელი კი ასევე არგენტინელი კარლოს ბიანკია დასახელებული.
2014 წელს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელთა ხუთეული მთლიანად არგენტინულია. El Pais-ის გამოკითხვის შედეგად მეორეზე არგენტინის ნაკრების დამრიგებელი ალეხანდრო საბელია გავიდა, მესამე მარსელო გალიარდოა (“რივერ პლეიტი”), მეოთხე ხორხე სამპაოლი (ჩილეს ნაკრები), მეხუთე კი ედგარდო ბაუსა (“სან ლორენსო”).
ამავე გამოცემის გამოკითხვის შედეგად სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიელი ტეოფილო გუტიერესი დაასახელეს, რომელიც საკლუბო დონეზე “რივერ პლეიტის” ღირსებას იცავს. 29 წლის გუტიერესმა ბუენოს აირესის კლუბთან ერთად 2014 წელს არგენტინის ჩემპიონატი, კოპა სუდამერიკანა მოიგო, კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში მუნდიალის მეოთხედფინალამდე გააღწია. გასულ წელს თეოფილომ 20 გოლი გაიტანა.