ფეხბურთი

17:18 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი პრეზიდენტობაზე თავის შანსს ოპტიმისტურად უცქერს

ლევან კობიაშვილისთვის 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან საფეხბურთო კლუბ “ჰერტას” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

- მომავალ წელს რა მიზანი გაქვთ? ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებთ...

- 2015 წელი ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. ეს ნაბიჯი გადავდგი და პრეზიდენტობაზე კენჭს ვიყრი. თუმცა, ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა იქნება, შევძლებ თუ არა არჩევნების მოგებას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, რომ შევძლებ. ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთის ერთგული დავრჩები.

- ხანგრძლივი კარიერა გქონდათ. რაა უმთავრესი მიზეზი, პროფესიულ ფეხბურთში ესოდენ დიდი დრო რომ გაატარეთ?

- მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მხარს მიჭერდა. საბედნიეროდ, მძიმე ტრავმა არასოდეს მიმიღია და ამიტომ, კარიერა ნაადრევად არ დამისრულებია. პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ბუნდესლიგაში 36 ან 37 წლამდე თამაში ძნელია, მაგრამ ეს მოვახერხე. ამის მიზეზი დიდწილად ალბათ ჩემი სათამაშო ამპლუა, პროფესიონალიზმი, ხალხის მხარდაჭერაა - კლუბსა თუ ოჯახში.

- “ჰერტას” თქვენს ცხოვრებაში რა როლი აქვს?

- მადლობელი ვარ კლუბის, რადგან კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობის საშუალება მომცა. ეს იმის დასტურია, რომ ერთად განვლილი წლების განმავლობაში კარგად ვმუშაობდით. ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელსაც კარიერის დამთავრების შემდეგ კლუბში დასაქმების საშუალება არ აქვს. მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, მენეჯერს, მთელ გუნდსა და მწვრთნელებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში რა გაკლიათ?

- რა თქმა უნდა, ფეხბურთი მენატრება და მოხარული ვიქნებოდი, მინდორზე ბუცებით რომ გავსულიყავი. ცხადია, პროფესიული ცხოვრება მოედანსა და მის გარეთ სხვადასხვაა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ადამიანი, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, იმაზე კარგი არაფერია, როცა ქუჩაში ადამიანები გცნობენ. საუცხოო, როცა კარგად თამაშის შემთხვევაში ტაშს გიკრავენ და შენს სახელს სკანდირებენ. ასევე, ავტოგრაფების დარიგება და ფოტოების გადაღება. ეს მენატრება. თუმცა, მადლობელი ვარ, რადგან ყოველივე გამოვცადე.

- ყოფილ თანაგუნდელებს რამდენად ხშირად ხვდებით?

- მოთამაშეებთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთს თითქმის ყოველ დღე ვხდებით. დრო და დრო ვარჯიშებსაც ვესწრები. საშინაო მატჩებზე ყოველთვის სტადიონზე ვარ და გუნდს ვგულშემატკივრობ.

0.158742