კალათბურთი

20:32 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის კალათბურთის ფედერაციამ სეზონი შეაჯამა და ახალზეც ისაუბრა

29 დეკემბერს, საკალათბურთო კლუბ “დინამოს” ბაზაზე თბილისის კალათბურთის ფედერაციის ყრილობა შედგა. დღის წესრიგში სამი საკითხი იდგა: 1. 2014 წელს ჩატარებული ღონისძიებების მიმოხილვა 2. 2015 წლის სამოქმედო გეგმა. თბილისის კალათბურთის ფედერაციის მიერ 2015 წელს ჩასატარებელი ღონისძიებების კალენდრის წარდგენა 3. ახლადშექმნილი საკალათბურთო კლუბ “კაქტუსის” თბილისის კალათბურთის ფედერაციაში გაწევრიანების საკითხი.

ფედერაციის წევრებთან ერთად ყრილობას თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა გოგოლაძეც ესწრებოდა. აღნიშნული ყრილობა თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა გახსნა, რომელმაც დღის წესრიგზე ისაუბრა.

“გასული საკალათბურთო სეზონიდან აღსანიშნავია “დინამოს” მიერ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის მოგება, რომელიც გუნდმა 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ჩვენი ფედერაციის ეგიდით ტარდება ტურნირები 3X3 კალათბურთში. ქვეყნის საუკეთესო გუნდმა 2013 წელს უკრაინაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, ხოლო მომდევნო წელს ნახევარფინალამდე მიაღწია. ამიტომ პროგრესი აშკარაა. ფედერაციამ შეიძინა 3X3 კალათბურთის მოედანი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს სრულად პასუხობს. რაც შეეხება 2015 წელს, ჯერჯერობით გაურკვეველ სიტუაციაში ვარ, რადგან არ ვიცი ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის განრიგი, ასევე უცნობია რა თანხით დაგვეხმარება სახელმწიფო. ამიტომ სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გვეცოდინება 3X3 ტურნირების განრიგი, რომელიც ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, ასევე დაგეგმილი გვაქვს გოგონების ტურნირების ჩატარება”.

შალვა გოგოლაძე: “მერიის მხრიდან გაძლიერდა კალათბურთის როგორც მორალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა. მაღალ დონეზე რემონტდება ვერის ბაღში და წერეთლის პროსპექტზე მდებარე საკალათბურთო დარბაზები, რომლებიც 2015 წელს თბილისში დაგეგმილ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებენ. დაგეგმილი გვაქვს ჩამოვაყალიბოთ კალათბურთელთა სასკოლო ლიგა. სამწუხაროდ, ვაჟებისგან განსხვავებით, სერიოზული პრობლემები გვაქვს გოგონებში. ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, სასურველია გავზარდოთ ტურნირები გოგონების მონაწილეობით. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას განათლების სამინისტროსთან, რათა საჯარო სკოლების დარბაზებში საკალათბურთო სექციების მუშაობას და ტურნირების ჩატარებას პრობლემები არ შეექმნას”.

ყრილობის ბოლოს ფედერაციის წევრად ერთხმად მიიღეს საკალათბურთო კლუბი “კაქტუსი”, რომელიც “დინამოს” ბაზაზე ვარჯიშობს.

ამით თბილისის კალათბურთის ფედერაციის ყრილობამ მუშაობა დაასრულა.

0.113045