ფეხბურთი

16:53 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “კარიერაში მხოლოდ ერთ გამოსათხოვარ მატჩს ატარებ”

ბერლინის “ჰერტას” ერთ-ერთმა მენეჯერმა ლევან კობიაშვილმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულების გარდა, 2014 წელს მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კანდიდატურის წამოყენება იყო.

- პროფესიონალურ კარიერაში ბოლო მატჩი “ოლიმპიურ” სტადიონზე დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩაატარეთ, რომელიც ბუნებრივია ძალიან ემოციური იყო. ალბათ, გიხარიათ, რომ კარიერის დასრულების დრო თავად შეგნებულად შეარჩიეთ?

- ძალიან ბევრი განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ. ზოგჯერ მოთამაშეები ტრავმის გამო იძულებულნი არიან ფეხბურთის თამაში ახალგაზრდულ ასაკში შეწყვიტონ. საბედნიეროდ, მე უკვე ვიცოდი, რომ კარიერაში ბოლო მატჩს 2014 წლის 10 მაისს ჩავატარებდი და ამისთვის შინაგანად უკვე მზად ვიყავი. თუმცა, მაინც ძალიან გამიჭირდა.

- მიუხედავად იმისა, რომ იცი თამაში უნდა შეწყვიტო, მაინც შეგიძლია ფეხბურთით სათანადოდ დატკბე, ვიდრე ამის დრო დადგება...

- გასული სეზონის მეორე ნახევარს რომ ვიხსენებ, უნდა ვთქვა, რომ მთელი დრო თამაშით ვტკბებოდი. ყოველ დღე ვცდილობდი ყურადღება რაიმე განსაკუთრებულისთვის მიმექცია, მსურდა ეს ყველაფერი ამეღო და გადამეყლაპა. ეს ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ თამაშზე ხდებოდა და მუდამ მემახსოვრება.

- თქვენს მიერ ჩატარებული ბოლო მატჩიდან ნახევარ წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?

- ამ თამაშის შემდეგ ხანგრძლივი არდადეგები მქონდა. მანამდე, ჩემს პროფესიონალურ კარიერაში მსგავსი რამ არ ყოფილა. ეს მართლაც კარგი იყო. ბერლინში როდესაც დავბდუნდი “ჰერტას” მატჩებს როგორც გულშემატკივარი ან დამკვირვებელი ვუყურებდი და ეს არ გამძნელებია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მიხარია რადგან ჩემი წასვლის დრო ვიცოდი. უკვე გააზრებული მქონდა, რომ ყველაფერი დასრულდა და ამიტომ, მზად ვიყავი.

- თამაშების მხოლოდ ტრიბუნებიდან ყურება თქვენთვის რას ნიშნავს?

- სტადიონზე როდესაც ხარ ყოველთვის ფიქრობ, რომ ბოლო მომენტამდე მოედანზე გასვლა გიწევდა, ხოლო ახლა ზიხარ და არაფრის გაკეთება შეგიძლია. უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ტრიბუნაზე მაყურებლის რანგში ხარ. იცი, რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვერ ითამაშებ, მაგრამ კარიერის დასრულება მაინც სამწუხაროა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ კვლავ კლუბში ვმუშაობ და ფეხბურთში ვსაქმიანობ, რაც მეხმარება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ასე რომ, კმაყოფილი და სრულად ბედნიერი ვარ.

-კლუბში პასუხისმგებელი რაზე ხართ? თქვენთვის ეს სრულიად ახალი სფეროა თუ კლუბის საქმიანობას შიგნიდან მანამდეც იცნობდით?

- რა თქმა უნდა, კლუბი როგორ მუშაობდა არ ვიცოდი. ეს ნორმალურია, რადგან პროფესიონალი ფეხბურთელი ყოველ დეტალს ყურადღებას არ აქცევ. არ იცი კლუბის შიდა სამზარეულოში რა ხდება. ჩვენ დიდი საფეხბურთო აკადემია გვაქვს, სადაც ბევრი ბავშვი, მწვრთნელი და გუნდია. როგორც პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ოფისში მუშაობა უცხოა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან საინტერესო და სახალისოა.

- ახალი რა შეიძინეთ?

- კლუბში ბევრ დროს ვატარებ, რაც სასიამოვნოა. მე მაინტერესებს როგორაა ყველაფერი ორგანიზებული, ვაკვირდები ახალგაზრდული გუნდების მუშაობას, ნიჭიერ მოთამაშეებს, მწვრთნელებს. ასევე, მწვრთნელებს ვხვდები. ბევრს ვმუშაობ და ყველგან ვარ, რაც განვითარებაში მეხმარება.

- გულშემატკივრებთან დამშვიდობება თქვენთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო? თუ სხვა მომენტებს თქვენში უფრო მეტი ემოცია გამოუწვევია?

- ერთი რამ ნათელია – კარიერაში მხოლოდ ერთ გამოსათხოვარ მატჩს ატარებ. ასე რომ, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღე და თამაში იყო. მეორე დღეს იღვიძებ და იცი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი აღარ ხარ და მეტს აღარ ითამაშებ. ეს საკმაოდ დიდი ჭრილობაა.

- 2014 წელს თქვენთვის მნიშვნელოვანი კიდევ რა იყო?

- გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს ვიყრი, ასევე ძალიან ემოციური იყო. მარტო ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი არაა და ასეთი რამ ერთ დღეში არ ხდება. გარდა ამისა, ამ დროს ბევრს ფიქრობ ვიდრე ოფიციალურად გამოაცხადებ თუ რას აპირებ.

- ამჟამად, დროის განკარგვის მხრივ დიდი განსხვავებაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი იყავით?

- დიდი განსხვავება ისაა, რომ სახლში დიდ დროს არ ვატარებ. გარდა ამისა, უქმეებზე სტუმრად ჩასატარებელ მატჩებზე წასვლა არ მიწევს და შემიძლია ოჯახთან ერთად ვიყო. დილიდან საღამომდე დაკავებული არ ვარ. ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც ორი საათი მოდიხარ, ვარჯიშობ და შემდეგ სახლში ბრუნდები. ახლა სულ სხვა განრიგი მაქვს და ამას თავს ძალიან კარგად ვართმევ. ზოგჯერ ჩემი გოგონა ბრაზდება, რომ სახლში გვიან ვბრუნდები, მაგრამ კლუბში ყოფნა მომწონს. მე ფეხბურთში დასაქმება მსურდა და ეს ასეა.

0.12312