ვერადავერ დაადგა საშველი “ბენფიკას” არგენტინელი ნახევარმცველის, ენცო პერესის ტრანსფერს. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდიდან მოყოლებული იწერება, რომ პერესით “ვალენსია” ინტერესდება და ესპანურ კლუბში თამაში არგენტინელსაც სურს, თუმცა ტრანსფერის თაობაზე ვერაფრით შეთანხმდნენ კლუბები.
ახლახანს “ვალენსიამ” 25-მილიონიანი წინადადებით მიმართა “ბენფიკას”, ხოლო პერესს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. 28 წლის მოთამაშეს ამჯერადაც სურს “ღამურებში“ თამაში, მაგრამ კვლავ ჯიუტობს “ბენფიკას” პრეზიდენტი ლუის ფელიპე ვიეირა, რომელმაც ამჯერადაც უარი განაცხადა “ლოს ჩეს” შემოთავაზებაზე.
ყოველივე ამას პერესის მხრიდან ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა. არგენტინელმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “ვალენსიაში” თამაში სურს და პორტუგალირური გრანდის პრეზიდენტს “ლოს ჩეში” გაშვება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერესი გაფიცვით იმუქრება.
პორტუგალიური და ესპანური პრესის ცნობით, ვიეირას წინააღმდეგობის მიუხედავად, ტრანსფერი უახლოეს დღეებში მაინც შედგება.