სხვა

16:49 | 24.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

47 წლის ჰოლიფილდი უგანდაში იჩხუბებს

მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა და უკვე მორიგი ბრძოლის დეტალებიც გაახმაურა.
ინტერნეტ-გამოცემა Boxingscene-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის ამერიკელი მძიმეწონოსანი, 16 იანვარს, უგანდის ქალაქ კამპალაში, ნელსონ მანდელას სახელობის სტადიონზე, 41 წლის სამხრეთ აფრიკელ ფრანსუა ბოტას დაუპირისპირდება.
ამ სტადიონის ტევადობა 42 ათასია, მაგრამ იმავე ვებ-გვერდის ვარაუდით, ბრძოლას დაახლოებით 80 ათასი მაყურებელი დაესწრება.
ევანდერ ჰოლიფილდმა ბოლო ბრძოლა 2008 წლის დეკემბერში ჩაატარა - ჭBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის, საჩემპიონო ქამრის მაშინდელ მფლობელთან, რუს ნიკოლაი ვალუევთან ქულებით დამარცხდა, მაგრამ იმ შეხვედრის შემდეგ სპეციალისტთა აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მსაჯებმა ამერიკელს უსამართლოდ წააგებინეს.
ჰოლიფილდი პროფესიულ რინგზე 54-ჯერ ავიდა. 42-ჯერ გამარჯვება იზეიმა (27 ნოკაუტი), 10-ჯერ დამარცხდა და 2 ბრძოლა ფრედ დაასრულა. რაც შეეხება ფრანსუა ბოტას, მას კარიერაში 55 შეხვედრა ჩაუტარებია - 47-ში იმარჯვა (28 ნოკაუტი), 4 წააგო, 3-ში ფრეს დასჯერდა, ერთხელ კი ბრძოლა შედეგის გამოუცხადებლად გაუუქმეს. სამხრეთ აფრიკელი მოკრივე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტი რამდენიმეჯერ იყო, მაგრამ საჩემპიონო ქამარი ერთხელაც არ შემოურტყამს. ბოლოს მან ხელთათმანები სულ რაღაც თვენახევრის წინ მოირგო და კუბელ პედრო კარიონს ფრეზე გაეყარა.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095098