როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, ლონდონის “არსენალის” მოთამაშე ლუკას პოდოლსკიმ შესაძლოა მილანის “ინტერში” გააგრძელოს კარიერა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელები უკვე ჩაფრინდნენ ინგლისში და “არსენალთან” აწარმოებენ მოლაპარაკებას. როგორც აღნიშნული წყაროდან ვიგებთ, ტრანსფერის განხორციელების სურვილი ორივე მხარეს აქვს.
გერმანელ ფორვარდს მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის სიმცირე აწუხებს, რაზეც ღიად არაერთხელ ისაუბრა, თუმცა ბოლო პერიოდში ფრანგმა მწვრთნელმა 29 წლის შემტევს გაუზარდა სათამაშო დრო. მიმდინარე თვეში პოდოლსკი პრემიერლიგის სამ შეხვედრაში გამოჩნდა მინდორზე, გასულ თვეებში კი მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა.
პოდოლსკი “არსენალში” 2012 წელს გადავიდა და გუნდის მაისურით ყველაზე ნაყოფიერი მატჩები სადებიუტო სეზონში გამართა. 2012-2013 წლებში მის ანგარიშზე 11 , ხოლო გასულ სეზონში რვა გოლი იყო.