სხვა

22:41 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ავთანდილ ჭრიკიშვილი

სპორტის სამინისტროს ორგანიზებით “ივენთ ჰოლში” წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი დასახელდა.

საუკეთესო სპორტსმენის გარდა სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულებიც გამოვლიდნენ. 2014 წლის საუკეთესო გუნდის წოდება ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა. სპორტის სახეობის პოპულარიზაციისთვის საწყლოსნო ფედერაცია დაჯილდოვდა. 2014 წლის საუკეთესო მენეჯერი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე გახდა, ქართული სპორტის ლეგენდად ლევან თედიაშვილი დასახელდა, რომელსაც საჩუქრად ავტომობილი გადაეცა. საუკეთესო ქალი სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი გახდა.

2014 წლის საუკეთესო მწვრთნელი ირაკლი უზნაძე, საუკეთესო ლეგიონერი კი ზაზა ფაჩულია გახდა. 2014 წლის საუკეთესო ფედერაციად რაგბის კავშირი დასახელდა. საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტი სეუ დაჯილდოვდა, წარმატებული სპორტსმენის აღზრდისთვის გურამ მოდებაძე გამოარჩიეს. საუკეთესო პარასპორტსმენის ჯილდო ბესიკ ლეკიშვილს გადაეცა. წლის საუკეთესო მსაჯი ედიშერ მაჩაიძე გახდა, ხოლო წლის აღმოჩენად ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მიიჩნიეს.

საუკეთესო არაოლიმპიელი ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ბექა ღვინიაშვილი დაასახელეს.

გარდა ამისა, დღეს გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპეციალურ ნომინაციებში. 2014 წელს სპორტის ხელშეწყობისთვის, კერძოდ კი, გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართულ სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ შოთა გორგოძე, ლევან მოსეშვილი და ირაკლი მეძმარიაშვილი.

დღესვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა შეაჯამა გასული წელი. მისი განცხადებით, გასული წელი იყო წარმატებული, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს არაერთი მედალი, თუმცა, ეს არ არის საკმარისი და უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ მომდევნო წლებში ქართველმა სპორტსმენებმა უფრო კარგ შედეგს მიაღწიონ.

0.219554