ჩოგბურთი

21:18 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “ჯორდანის, ვუდსის, შუმახერის და როსის მაგალითი ძალიან მეხმარება”

სადიდსლემო ტურნირების სარეკორდოდ, 17-ჯერ მომგებმა როჯერ ფედერერმა Tages Anzeiger-ის კორესპონდენტთან საუბრისას 2014 საჩოგბურთო წელი შეაჯამა და სამომავლო პერსპექტივაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, წლეულს 33 წლის შვეიცარიელმა 5 ტურნირი, აგრეთვე დევისის თასი მოიგო და სეზონი კლასიფიკაციის მეორე საფეხურზე დაასრულა.

- 2014 წლის დადგომის წინ რაიმე კონკრეტულ ამოცანას თუ ისახავდით?

- არ მივეკუთვნები სპორტსმენთა იმ კატეგორიას, რომლებიც რომელიმე მიზანს დაისახავენ და შემდეგ მხოლოდ მის ასრულებაზე ფიქრობენ დღე და ღამე. უფრო ადამიანთა რიცხვში ვარ, რომელთაც პროფესია ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და ლამის ნეტარებას გრძნობენ საყვარელი საქმიანობის შესრულების დროს. წინასწარ არანაირ ამოცანას არ ვისახავ და არც წარსულისკენ ვიმზირები. გამონაკლისი არც 2014 წლის დასაწყისი გახლდათ. ისე კი, დიდი სლემის ტურნირის მოგება მინდოდა. სამაგიეროდ, ამის გაკეთება სტენ ვავრინკამ მოახერხა და მასთან ერთად დევისის თასიც მოვიგეთ. ჩემთვის ეს დიდი წარმატება და საბედნიერო მომენტი იყო.

- მთლიანობაში სეზონს რა შეფასებას მისცემთ?

- მთლიანი წელიწადი სტაბილურად ჩავატარე. 10 ტურნირის ფინალში გავედი და ყველა საფარზე კარგად გამოვედი. განსაკუთრებით შანხაისა და ცინცინატის შეჯიბრებები მსურს გამოვარჩიო. ამ ქალაქებში მეტად ავტორიტეტული ტურნირები ტარდება. როგორც ყოველთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია მშობლიურ ბაზელში ასპარეზობა. მნიშვნელოვანია დუბაიში გამოსვლაც, მით უმეტეს, იქ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვძლიე. ამასთან, რამდენიმე მძიმე, ჩემთვის ავადსახსენებელი მარცხიც ვიწვნიე. ეს განსაკუთრებით უიმბლდონსა და ინდიან უელსზე ითქმის. ძალიან დამწყდა გული, ლონდონის სეზონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალამდე რომ ვერ გავაღწიე. მთლიანობაში კი დადებითი მომენტები მეტი იყო.

- 33 წლის ასაკში როგორ ახერხებთ ძველებური შემართებითა და ენთუზიაზმით თამაშს?

- როდესაც საყვარელ საქმეს ემსახურები, შეუძლებელი არაფერია. ამასთან, ლეგენდარული სპორტსმენების მაიკლ ჯორდანის, ტაიგერ ვუდსის, მიხაელ შუმახერის და ვალენტინო როსის მაგალითი ძალიან მეხმარება. მათ დიდი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე გამოსვლა შეძლეს და მათი შემხედვარე, მოტივაცია მემატებოდა.

- ზემოთ ახსენეთ, რომ წინასწარ გეგმებს არ ისახავთ. მაინც გკითხავთ, რა ამოცანის გადაჭრას ისურვებდით 2015 წელს?

- დასამალი არაფერია და ამაზე ადრეც მითქვამს – რომელიმე სადიდსლემო ტურნირის მოგება და რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნება მწადია.

0.117467