ფეხბურთი

18:24 | 26.12.2014 | ნანახია NaN - ჯერ

2014 წლის ხმაურიანი ტრანსფერები

2014 წელი დასასრულს უახლოვდება, როგორც წესი, წლის ბოლოს სპორტული სამყარო მთლიანი წლის მონაცემებს სხვადასხვა განხრით აჯამებს.

იტალიურმა ვებ-გვერდმა calciomercato.it-მა წლის ძვირადღირებული და ხმაურიანი ტრანსფერების სია გამოაქვეყნა.

პირველ პოზიციაზე ურუგვაელი ლუის სუარესია. მომდევნო ორ პოზიციაზეც სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს ვხედავთ – ხამეს როდრიგესს და ანხელ დი მარიას. მთლიანი ათეულის შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.

ლუის სუარესი (“ბარსელონა”, 81 მილიონი ევრო) – წლის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ურუგვაელი ლუის სუარესის სახელს უკავშირდება. “ბარსელონამ” ინგლისურ “ლივერპულს” 81 მილიონი ევრო გადაუხადა. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად გაამართლა სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა მასში გადახდილი თანხა. სუარესმა მსოფლიოს ჩემპიონატზე არასპორტული საქციელის გამო მიღებული დისკვალიფკაცია ოქტომბრის ბოლოს მოიხადა. “ლა ლიგაში” მან მეტოქეებს ერთი გოლი გაუტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ იხეირა. მომავალში გამოჩნდება სწორად მოიქცა თუ არა “ბარსა” სუარესის შეფასების დროს.

ხამეს როდრიგესი (“რეალი”, 80 მილიონი ევრო) – ფანტასტიურად ჩატარებული მუნდიალის შემდეგ ხამეს როდრიგესი ძვირად შეფასდა. მადრიდის “რეალს” მაღალი ციფრები არასდროს აშინებდა და უკან არც ამ შემთხვევაში დაუხევია. “მონაკომ” 80 მილიონი ევრო მიიღო, ხამესმა კი “რეალის” თეთრი მაისური მოირგო. ჯერჯერობით პრიმერას 14 მატჩში კოლუმბიელმა 5 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ერთი.

ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიდეტი”, 78.5 მილიონი ევრო) – ანხელ დი მარიას სანაცვლოდ “რეალის” ბიუჯეტი თითქმის 79 მილიონი ევროთი შეივსო. არგენტინელ ფეხბურთელს ინგლისურ გარემოსთან ადაპტირება არ გასჭირვებია და გუნდის ლიდერად მალევე ჩამოყალიბდა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ დი მარიამ გაცემული ავანსები გაამართლა.

რადამელ ფალკაო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 67 მილიონი ევრო) – კოლუმბიელი რადამელ ფალკაო ჯერ კიდევ “მონაკოს” საკუთრებაა, მაგრამ თუ მის საიჯარო და გამოსასყიდ თანხას დავაჯამებთ გამოვა, რომ იგი წლის მეოთხე ძვირად შენაძენია (12 მილიონი იჯარა, 55 გამოსასყიდი). ფალკაო “იუნაიტედს” ბოლომდე ჯერჯერობით ვერ მოერგო. მანვე სეზონის სტარტზე ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდი უქმობა მოუწია. “წითელ ეშმაკებში” კოლუმბიელს კიდევ 6 თვე აქვს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოსაჩენად.

დავიდ ლუიზი (პსჟ, 50 მილიონი ევრო) – დავიდ ლუიზმა ტიაგო სილვასთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ცენტრალური წყვლი შექმნა. თავისთავად მრავლის მეტყველია ის ფაქტი, რომ მცველში ასეთი ოდენობის თანხა გადაიხადეს. დავიდ ლუიზი პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება.

ხუან მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 45 მილიონი ევრო) – ესპანელი ხუან მატას ტრანსფერი ერთადერთია ამ ათეულში, რომელიც ზაფხულში არ განხორციელებულა. მატას შეძენა “იუნაიტედს” 45 მილიონი ევრო დაუჯდა. მატამ შეიძლება ითქვას მასზე გაცემული ავანსები ბოლომდე ჯერჯერობით მაინც ვერ გაამართლა.

ელიაკიმ მანგალა (“მანჩესტერ სიტი”, 40 მილიონი ევრო) – პორტუგალიურ “პორტუს” “სიტიმ” ფრანგი მცველის ელიაკიმ მანგალას სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა გადაურიცხა. მანგალა “სიტის” ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ვერ ხვდება, მაგრამ პრემიერლიგაში 9 შეხვედრის გამართვა მაინც მოასწრო. მხოლოდ დრო გამოაჩენს ღირდა თუ არა მანგალაში დიდძალი თანხის გადახდა.

დიეგო კოშტა (“ჩელსი”, 40 მილიონი ევრო) – მადრიდის “ატლეტიკოს” წარმატებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი დიეგო კოშტა “ჩელსიში” 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ნატურალიზებული ესპანელის საწყისი თვეები ლონდონში ძალზე წარმატებული გამოდგა, შემდეგ დაშავდა და რამდენიმე მატჩი გაუცდა, თუმცა პრემიერლიგაში 14 შეხვედრაში 12 გოლი მაინც გაიტანა. ჯერჯერობით მის ტრანსფერს წარმატებული შეიძლება ეწოდოს.

ალექსის სანჩესი (“არსენალი”, 40 მილიონი ევრო) – ლონდონის “არსენალი” არასდროს გამოირჩეოდა ხმაურიანი ტრანსფერებით, მაგრამ გასულ ზაფხულს მათ “ბარსელონას” ჩილელი თავდამსხმელის ალექსის სანჩესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადეს. სანჩესი არსენ ვენგერის გუნდს ადვილად შეერწყა და ერთ-ერთ ლიდერადაც გვევლინება. ამ დროისთვის ალექსისს პრემიერლიგაში ცხრა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი აქვს გატანილი.

ლუკ შოუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 39.7 მილიონი ევრო) – 19 წლის ფეხბურთელში ლამის 40 მილიონის გადახდა უკვე მიანიშნებს მის ტალანტზე. შოუ მანჩესტერელთა ძირითად შემადგენლობაში ხვდება, მაგრამ ამ ეტაპზე ასაკიდან გამომდინარე მისი ტრანსფერის ვარგისიანობაზე საუბარი ნაადრევია. ამაზე საუბარი უფრო კომპეტენტური მომავალში იქნება.

ანდერ ერერა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 36 მილიონი ევრო) – “ბილბაოს” ყოფილი ფეხბურთელი ანდერ ერერა “იუნაიტედის” სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად ვერ ხვდება, მაგრამ მან პრემიერლიგაში ორი გოლისა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მაინც მოახერხა. ერერა ახალგაზრდა არაა (25 წლის), მაგრამ მას მომატება კიდევ შეუძლია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.165382