ჭიდაობა

21:19 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებს ახალი ხელმძღვანელობა ეყოლებათ

26 დეკემბერს ვაკეში მდებარე “ფალავანთა კლუბი” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს უმასპინძლებს, რომელიც 12:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადის მიღება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ამოიწურა. საპრეზიდენტო არჩევნებში ბიულეტენები 4 კანდიდატზე - პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე და ვეტერან მოჭიდავეებზე: გიორგი მაკასარაშვილზე, მანუჩარ კვირკველიასა და რომან რურუაზე დარიგდება. მართალია, ამ უკანასკნელმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მაგრამ დებულებიდან გამომდინარე, კანდიდატად რეგისტრირებული მაინც იქნება.

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, “მსოფლიო სპორტმა” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების სამუშაო ჯგუფისაგან წერილი მიიღო, სადაც საუბარია, რომ ხელისუფლების ცალკეული შტოების მხრიდან ადგილი აქვს პრეზიდენტობის კანდიდატებზე ზეწოლას, რათა თავიანთი კანდიდატურა მათ წარმომადგენელ გელაშვილის სასარგებლოდ მოხსნან. “მსოფლიო სპორტთან” საუბარში რურუამ განაცხადა, რომ მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. სამწუხაროდ, დიდი მცდელობის მიუხედავად, “მსოფლიო სპორტმა” სხვა კანდიდატებთან დაკავშირება ვერ მოახერხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერც მათი პროგრამის გაცნობა მოვახერხეთ და მათ სამომავლო გეგმებზეც ვერაფერს გეტყვით.

საქართველოს ჭოდაობის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე 109 დელეგატია რეგისტრირებული. მართალია, ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნები ბურუსითაა მოცული, მაგრამ რადგან ჭიდაობის სამყაროში იმდენად ცნობილმა პიროვნებამ, როგორიც რომან რურუაა, თავისი კანდიდატურა მოხსნა, მანამდე კი აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე კიდევ ერთმა ტიტულოვანმა სპორტსმენმა გურამ საღარაძემ თქვა უარი, სავარაუდოდ, გამარჯვების სასწორის პინა ხელისუფლების წარმომადგენელ გელაშვილისკენ გადაიხრება.

0.130038