კახა ცხადაძის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და კაპიტანს ზურაბ ხიზანიშვილს დავუკავშირდით და ახალი მწვრთნელის შესახებ ვკითხეთ. ამასთან ხიზანიშვილს პირადი კარიერის შესახებაც ვესაუბრეთ და როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ფეხბურთელი “დინამოს” დატოვების შემდეგ ჯერჯერობით უგუნდოდ იმყოფება.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. რას იტყვით ახალ მთავარ მწვრთნელზე?
- ამჟამად უცხოეთში ვიმყოფები, თუმცა, მეც გავიგე ნაკრების ახალი ხელმძღვანელის შესახებ. კახა ცხადაძეს კარგა ხანია ვიცნობ, მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, თუმცა მისი დამრიგებლობით არ მიმუშავია. მიუხედავად ამისა, გადმოცემით ვიცი, რომ კახა პროფესიული დონე მაღალია.
ამასთან ცხადაძემ ბაქოს “ინტერში” ნაჩვენები შედეგით დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მწვრთნელია. კახამ აზერბაიჯანულ კლუბში საკმაო ხანი დაჰყო და ეს ადვილი ნამდვილად არაა. მას შეუძლია ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. იმედი მაქვს, კახა ცხადაძის ნაკრებში მოსვლით წარუმატებელი მატჩები წარსულს ჩაბარდება და ქართველი გულშემატკივარი, ფეხბურთელებიც და ჟურნალისტებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის წარმატებით გავიხარებთ.
- საქართველოს ჩემპიონატს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით. როგორ ფიქრობთ, თქვენს უცხოეთში ყოფნის პერიოდში საქართველოს ჩემპიონატის დონე ამაღლდა?
- ვერ ვიტყვი, რომ ამაღლდა, თუმცა გარკვეული დადებითი მომენტები შეინიშნება. მაგალითად, ქართულ ფეხბურთში კვლავ არიან ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. მათი წარმატება კი ეროვნულ გუნდის წარმატების საწინდარია.
- თქვენს კარიერაზე რას იტყვით? გაქვთ შემოთავაზებები?
- კონკრეტულად რამის თქმა გამიჭირდება. ამ ეტაპზე უგუნდოდ ვარ და ვერ გეტყვით, რომელ გუნდში გავაგრძელებ კარიერას.