ადრე ვწერდით ჩხოროწყუს საფეხბურთო კლუბ “სამეგრელოს” შესახებ. თუ როგორ უყვართ ამ რაიონში ფეხბურთი, გულშემატკივართა აქტივობაზე ვამახვილებდით ყურადღებას.. “სამეგრელოს” თამაშებს დიდი რაოდენობით ესწრება ადგილობრივი გულშემატკივარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ჯერ მეორე ლიგაშია და პირველ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. “სამეგრელოს” ამბებზე გუნდის მთავარ მწვრთნელს გიზო შენგელიას დავუკავშირდით.
-მეორე ლიგაში ასპარეზობთ, მაგრამ ადგილობრივი გულშემატკივარი დიდი რაოდენობით ესწრება “სამეგრელოს” თამაშებს.. გუნდი რომ პირველ ლიგაში გადასვლის ერთ-ეთი კანდიდატია, ამაში გულშემატკივრების როლიც დიდია...
-რა თქმა უნდა. ჩვენი გულშემატკივარი ცალკე სასაუბრო თემაა. გასვლით მატჩებზე 300-მდე გულშემატკივარი დაგვყვება და მხურვალედ გვქომაგობენ, საშინაო თამაშებზე ხომ საუბარი ზედმეტია. საწყენია, დღეს ქართველებს გულშემატკივარის სტადიონზე მოსვლა ასე რომ გვიკვირს, მაგრამ რეალობაა. ჩვენს რაიონში ძალიან უყვართ ფეხბურთი, შეიძლება ითქვას ფეხბურთით ცხოვრობს ხალხი და ამის ნათელი მაგალითია ჩვენი სტადიონი, როცა “სამეგრელო” საკუთარ სტადიონზე თამაშობს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს ყველაფრისთვის და კიდევ ბევრჯერ გახარებას ვპირდებით.
-დამეთანხმებით ალბათ, რომ როგორც არ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი და გუნდი, მარტო ენთუზიაზმით ფეხბურთში შედეგის მიღწევა გამორიცხულია. დაფინანსების მხრივ “სამეგრელოს” როგორ აქვს საქმე?
-დაფინანსების მხრივ ნორმალური პირობები გვაქვს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ დავით გოგუას გვერდით დგომისთვის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ესებუას და ჩხოროწყუს მკვიდრ ქართველ ფეხბურთელს, გოგიტა გოგუას. რომ არა ეს ადამიანები, გაგვიჭირდებოდა. გუნდი ძირითადად რაიონის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ბიჭებს რასაც შევპირდით, დაგვიანების გარეშე იღებენ.
-გუნდის მთავარი მიზანი რაა?
-გუნდის მთავარი მიზანი პირველ ლიგაში გადასვლაა და ამ ამოცანის გადასაჭრელად ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ “სამეგრელო” ამისთვის მზადაა. მეორე წრისთვის ვაპირებთ გუნდის გაძლიერებას. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო “მსოფლიო სპორტს” ჩვენი გუნდით დაინტერესებისთვის. ადრე ჩხოროწყუელ გულშემატკივართა ქომაგობაზეც გქონდათ სტატია, რაც ძალიან სასიამოვნოა. პირველ და მეორე ლიგასაც უნდა მიექცეს ყურადღება და გაშუქდეს გარკვეული დოზით მაინც...