ფეხბურთი

4:13 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯადოქრები საჯარიმოდან

სპორტის სახეობას, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია, ბევრი ლეგენდარული ფიგურა და გენიოსი თამაშობდა, რომლებიც ფეხბურთის გურმანთა გულებიდან და მეხსიერებიდან არასდროს გაქრებიან. მათ შორის შედიან ფეხბურთელები, რომლებიც ნაკლებად იყვენენ დაჯილდოვებულნი ტექნიკური კუთხით, მაგრამ მათი საფეხბურთო განსმჭვალულობა არავისზე დაბლა არ იდგა და ალბათ, უფრო პირიქით. ეს ფეხბურთელები პოზიციით მცველები იყვნენ, მაგრამ მათი თამაშის სანახავად სტადიონზე ათასობით ქომაგი დადიოდა.

დღეს, ჩვენ გავიხსნებთ ბოლო 20 წლეულის რამდენიმე ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულეს, მაგრამ მწვანე მინდორზე მათი დიდოსტატური მოქმედებანი დღემდე ცოცხლობს და ალბათ მივიწყებას არც არასდროს მიეცემა. შევეცდებით, მათზე მოკლედ გესაუბროთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მათ მიერ შთამბეჭდავად განვლილი გზა.

პაოლო მალდინი (იტალია) – როდესაც საუბარი მცველებზე მისდგება ხოლმე, გონებაში პირველი ბევრს ტანმაღალი იტალიელი პაოლო მალდინი ახსენდება. მალდინი მართლაც თავისი საქმის გენიოსი იყო. პაოლომ მთელი თავისი კარიერა “მილანს” მიუძღვნა და გუნდში 24 წელიწადი გაატარა. 1985 წელს, 17 წლის გამხდარი ფეხბურთელი პირველად ჩნდება შავ-წითელ მაისურიანთა შეამდგენლობაში, სწორედ აქედან დაიწყო უდიდესი და შთამბეჭდავი ისტორიის დაწერა. პაოლომ კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, ერთადერთი რაც მის გენიალურ კარიერას აკლია სანაკრებო ოქროს მედალია, არადა დანარჩენი სინჯის მედლებს მისი გულ-მკერდი დაუმშვენებია. მალდინიმ 1994 წელს “უორლდ სოკერის” გამოკითხვაშიც გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მცველისთვის ასეთი აღიარება უკვე ყველაფერზე მეტყველებს. იგი კარგა ხნის განმავლობაში რეკორდსმენი იყო ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული თამაშების ოდენობითაც (126). პაოლო მალდინიმ გენიალური კარიერა 2009 წელს, 41 წლისამ დაასრულა. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება საფეხბურთო მატიანეში, როგორც გენიოსი.

რობერტო კარლოსი (ბრაზილია) – ჩია ტანის, მაგრამ ძალზე სწრაფი და მომაკვდინებელი სიძლიერის დარტყმის პატრონი – საუბარი რა თქმა უნდა რობერტო კარლოსზეა. ბრაზლიელი ფეხბურთელის შემხედვარე ბევრს კითხვაც ებადებოდა რატომ თამაშობს ეს კაცი მცველად? რობერტოს ევროპული კარიერა უცნაურად დაიწყო, იგი მილანის “ინტერმა” შეიძინა, თუმცა მალევე გაასხვისა. მადრიდის “რეალში” კი მისი ბრწყინვალება ყველამ დაინახა. კარლოსი განსაკუთრებით კარგად ასრულებდა სტანდარტულ მდგომარეობებს. ყველას ახსოვს, მის მიერ საფრნაგეთის ნაკრების კარში გატანილი საოცარი გოლი, რომელიც ისტორიას “ხმელი ფოთოლის” სახელით შემორჩა. კარლოსმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო, ხოლო ერთი თვით ადრე “რეალის” შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგაც დაისაკუთრა. მადრიდიდან სამხრეთ ამერიკელი თურქეთში წავიდა სათამაშოდ, შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე გუნდი, ამჟამად კი მან სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი.

კარლეს პუიოლი (ესპანეთი) – არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ბოლო ესპანეთს მისი დარი მცველი ბოლო პერიოდში არ ჰყოლია. “ბარსელონას” სული, გული და მამოძრავებელი ძალა. კატალონიელი ფეხბურთელი თავიდან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა შემდეგ ცენტრში გადაინაცვლა, მაგრამ ამას ძირეული ცვლილები მის თამაშზე არ მოუხდენია. პუიოლმა კლუბთან და ნაკრებთან ერთად თითქმის ყველა შესაძლო ჯილდო მოიპოვა, თანაც ამაში მისი სიტყვა საკმაოდ წონადი გახლდათ. კარლესმა გენიალური საფეხბურთო კარიერა წლეულს დაასრულა. მისი წასვლის შემდეგ კი, “ბარსელონას” დაცვის პრობლემებზე უფრო ხშირად და მეტად იწერება თუ ითქმება.

ფაბიო კანავარო (იტალია) – 2006 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი. სხვა სიტყვა აქ ზედმეტია. კანავაროს მცველისთვის არადამახასიათებელი სიმაღლე ჰქონდა, მაგრამ ეს ხელს არასდროს უშლიდა მოეგო ორთაბრძოლა მეორე სართულზე. ნეაპოლელმა ბიჭმა კარიერა მშობლიურ გუნდში დაიწყო, შემდგომ კი ძალზე სიმპათიური ფეხბურთის მქადაგებელ “პარმას” კაპიტნობდა. შემდეგ იყო “ინტერი”, “იუვენტუსი”, “რეალი”, ისევ ტურინული გუნდი და “ალ აჰლი”. ფაბიოს სახელის გაგონებაზე პირველ რიგში ალბათ მაინც, 2006 წლის მუნდიალი და გერმანიის მინდვრები ახსენდებათ. ხსენებულ გათამაშებაში კანავარო ნამდვილი გლადიატორივით იბრძოდა თავის ნაკრებს მეოთხე საჩემპიონო ტიტულისკენ ღირსეულად წარუძღვა. წლის ბოლოს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაიმსახურა, რაც ამ პოზიციის ფეხბურთელისთვის უკვე უდიდესი აღიარების ტოლფასია.

ალესანდრო ნესტა (იტალია) – იტალიური ფეხბურთის ოქრის თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელია ალესანდრო ნესტა. ნესტა “ლაციოს” სკოლის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც იქ დაიწყო. რომში იგი 2002 წლამდე დარჩა, შემდეგ კი ფინანსურად შეჭირვებულმა გუნდმა “მილანში” გაასხვისა. თუმცა რომაელ ქომაგებს მან უდიდესი გამარჯვებები დაუტოვა. მოიგო რა, თასების მფლობელთა თასის ბოლო გათამაშება 1999 წელს და იტალიის ჩემპიონატი ხანგრძლივი პაუზის შემდგომ 2000 წელს. “მილანში” მისი კარიერა არანაკლებ დიდებულად და წარმატებულად განვითარდა. მისი ჯილდოების რაოდენობაც გაიზარდა და გამრავალფეროვანდა. ალესანდროს ნამდვილად არ გაუმართლა ეროვნული ნაკრების მხრივ, თავად განსაჯეთ მან სამ მუნდიალზე იასპარეზა და სამივე მძიმე ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, მაგრამ 2006 წელს კუთვნილი ოქროს მედალი მასაც დამსახურებულად ერგო. ნესტა მოედანზე კორექტული თამაშითაც გამოირჩეოდა, რაც ამ პოზიციის ფეხბურთელებში საკმაოდ იშვიათობაა.

კაფუ (ბრაზილია) – ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა ფლანგელი კაფუ. ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული (1994, 2002 წლებში). კორეა-იაპონიაში გამართულ მუნდიალზე კი ვარსკვლავებით გადაჭედილ “პენტაკამპეონებს” კაპიტნობდა კიდეც. მისი ევროპული კარიერა 1997 წელს იტალიური “რომადან” დაიწყო, სადაც 6 სეზონი გაატარა, 2001 წელს კი გუნდს ნანატრი სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. 2003 წელს მას კარლო ანჩელოტიმ “მილანში” უხმო. მიუხედავად ვეტერანულ ასაკში ყოფნისა მას თავი არც “როსონერის” რიგებში შეურცხვენია და 5 წლის განმავლობაში გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახლდათ. კაფუ თანამდროვების ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველადაა მიჩნეული.

ხავიერ ძანეტი (არგენტინა) – მილანის “ინტერის” ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ძანეტი. ძანეტიმ კარიერა ახლახან, 2014 წელს დაასრულა. ხავიერმა “ნერაძურის” მაისური პირველად 1995 წელს მოირგო და მას შემდეგ 19 წელი გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა. ძანეტიმ სამუდამოდ დატოვა კვალი არამარტო იტალიური გრანდის, არამდე იტალიის ჩემპიონატის და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მისი პლიუსი ის იყო, რომ თანაბრად წარმატებით შეეძლო ეთამაშა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე. ძანეტიმ “ინტერის” ყველა შესაძლო რეკორდი დაამყარა ჩატარებული თამაშების რაოდენობით. უცნაურია, რომ ასეთი კალიბრის ფეხბურთელს ხშირად არ სწყალობდნენ არგენტინის ნაკრებში, მას 2006 წელს ხოსე პეკერმანამ არ დაუძახა გერმანულ მუნდიალზე სათამაშოდ, ხოლო 4 წლის მერე იგი დიეგო მარადონამაც უგულებელჰყო (მიუხედავად ამისა, მას “ალბისლესეტეს” მაისური 145-ჯერ ჩაუცვამს). ძანეტი ამჟამად “ინტერის” ერთ-ერთ ხელმძღვანელად გვევლინება.

ლილიან ტურამი (საფრანგეთი) – ჩვენს დღევანდელ სტატიას გენიალური ფრანგის, ლილიან ტურამის შესახებ საუბრით დავასრულებთ. ტურამი კარიერის პირველ პერიოდში მარჯვენა მცველი იყო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ცენტრში გადაინაცვლა. სახელი მან იტალიური “პარმას” შემადგენლობაში გაითქვა, საიდანაც 2001 წელს ტურინის “იუვენტუსში” აღმოჩნდა. მან თამაში კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაშიც მოასწრო. ლილიანის კარიერის პიკად 1998 წლის მუნდიალი მიიჩნევა, რომელიც მან საკუთარ სამშობლოში მოიგო. ცალკე გამოსარჩევია ნახევარფინალური შეხვედრა ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ რომელსაც “მამლები” 0:1-ს აგებდნენ, თუმცა მარჯვენა მცველმა ექს იუგოსლავიელებს ორი გოლი გაუტანა და თავის გუნდს ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლება არგუნა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრების შამდგენლობაში ლილიანს, რომელმაც “სამფეროვანთა” ღირსება 142 შეხვედრაში დაიცვა, მეტი გოლი არასდროს გაუტანია. ტურამმა გამორჩეული საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა.

ალესანდრო ნესტამ საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ განაახლა და თამაში ინდოეთში დაიწყო, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე ამ სიაში გენიალური იტალიელიც შემეყვანა.

0.440048