ფეხბურთი

19:35 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სახლი სახლიდან შორს

თბილისის “დინამოს” ყოფილმა თავდამსხმელმა ესპანელმა ჩისკომ უეფას ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი ლეგიონერის სახელის მოხვეჭა ემაყება.

“გამიმართლა, რომ გუნდს ყველაზე უკეთესად შევეგუე. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამშობლოს ფარგლებს გარეთ არ მითამაშია, ახალ ვითარებას კარგად შევეგუე. პლუს იღბალი ჩემს მხარეს იყო. საბოლოო ჯამში, ნათელი გახდა, რომ “დინამო” “ჩემი გუნდია” – თქვა ჩისკომ, რომელმაც სამნახევარ სეზონში 129 მატჩში 78 გოლი გაიტანა. უმაღლესი ლიგის 16 კლუბიდან მან თავი მხოლოდ “შუქურასთან” ვერ გამოჩინა (ტრავმა) და “დილას” ვერ გაუტანა, მიუხედავად იმისა, რომ გორელებთან მატჩში პენალტი დაარტყა.

“რა თქმა უნდა, “დილასთვის” გატანა კარგი იქნებოდა, მაგრამ ამის გარეშეც საწუწუნო არაფერი მაქვს. ასეთი შედეგით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. საერთოდ, პენალტის დარტყმა ყოველთვის გამომდიოდა. თუნდაც, “სტიაუასთან” მატჩი ავიღოთ. დღემდე გული მწყდება. თუმცა, რას იზამ?! პასუხისმგებლობას რომ იღებ, წარუმატებლობისთვისაც მზად უნდა იყო” – აღნიშნა ესპანელმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “სტიაუასთან” საშინაო მატჩში (0:2), როდესაც ანგარიში 0:0 იყო, პენალტი ვერ გამოიყენა.

“ამის მიუხედავად, ბედნიერი ვარ, რომ მოსაგონარი მხოლოდ ეს უიღბლობა არ მაქვს, არამედ ფორტუნის “გაღიმებაც”. თუნდაც, საქართველოს სუპერთასზე “ჩიხურასთან” ჩემს მიერ ჩატარებულ ბოლო მატჩში ბოლო წუთზე გატანილი გოლი გავიხსენოთ” – დაამატა 34 წლის ფორვარდმა, რომელიც მანამდე საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა და ქვეყნის თასიც ამდენჯერვე მოიგო, მაგრამ სუპერთასს არ ფლობდა.

ის მხოლოდ გუნდური ტიტულებით არ შემოიფარგლა. მაგალითად, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ზედიზედ ორჯერ არცერთ მოთამაშეს მოეგო.

“მიხარია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი ლეგიონერი ვარ. ასაკის მიუხედავად მოტივაციის დეფიციტს არ ვგრძნობდი. ყველაფერს ყოველდღიური შრომით მივაღწიე და “დინამოში” გატარებული წლებით ძალიან ბედნიერი ვარ” – ხაზი გაუსვა ესპანელმა.

ჩისკოსთვის კარიერაში ყველაზე საამაყო “ვალენსიაში” გატარებული წლებია:

“ჩემი კარიერის მთავარი სიამაყე მაინც “ვალენსიაა”. მეამაყება, რომ ვთამაშობდი გუნდში, რომელმაც “პრიმერა”, უეფას თასი და უეფას სუპერთასი მოიგო (2004 წელი). ჩემს მეხსიერებაში საუკეთესო წლებია. მითუმეტეს, ამას მაშინ ვიძახი, როდესაც კარიერას ვასრულებ”.

ჩისკომ, რომელმაც კონტრაქტი კლუბთან შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, პირველ წრეში ოთხი გოლი გაიტანა.

“დინამოში” თავს საუცხოოდ ვგრძნობდი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კლუბმა კურსი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე აიღო, ვიგრძენი, რომ წასვლის დრო დადგა. გარდა ამისა, სამშობლოში დაბრუნება სიმამრის ჯანმრთელობის მდგომარეობამ მაიძულა” – იუწყება ფორვარდი.

ცოტა ხნის წინ, “დინამოს” ვებგვერდმა ჩისკოს გამოსათხოვარი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მადლობას არა მხოლოდ ყოფილ თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს, არამედ კლუბის ყველა თანამშრომელს უხდის - პრეზიდენტ რომან ფიფიათი დაწყებული, მორიდებული გმირებით დამთავრებული, რომლებიც “დინამოს” კეთილდღეობისთვის ტელეკამერებს მიღმა მუხლჩაუხრელად შრომობენ.

“ეს წერილი ჩემი სულის გამოძახილია. ის იმის შესახებაა თუ როგორ ვიპოვე სახლი სახლისგან შორს”.

თეგებიჩისკო
0.111497