ფეხბურთი

18:12 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოროზია: “ნორვეგიაში პროფესიონალური გარემოა”

2012 წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მაშინ ვასილ მაისურაძის მოთამაშეებს ევროპის ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდათ, საბოლოო კი ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშნენ.

იმ ნაკრების ფეხბურთელებიდან რამდენიმემ კარიერა უცხოეთში განაგრძო. წამყვან ევროპულ კლუბთან კონტრაქტი არც ერთ მათგანს გაუფორმებია, თუმცა ნაბიჯის წინ გადადმა და უფრო მაღალ პროფესიონალურ გარემოში მოხვედრა რამდენიმე მათგანმა მოახერხა.

გიორგი გოროზია 1995 წლის 26 მარტს რუსეთის ქალაქ სამარაში დაიბადა, ფეხბურთელად კი სამშობლოში, ქართველი მწვრთნელების გარემოცვაში ჩამოყალიბდა. პროფესიონალური კარიერის პირველი ნაბიჯები თბილისის “ლოკომოტივში” გადადგა, მცირე ხნით კი ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშა.

გოროზიამ გასულ ზაფხულს სკანდინავიაში, კერძოდ კი ნორვეგიის კლუბ “სტაბეკში” განაგრძო კარიერა. ნორვეგია განვითარებული ქვეყანაა, ბოლ პერიოდში საფეხბურთი წარმატებებით არ გამოირჩევიან, თუმცა ის ფაქტი, რომ მათთან ბობ ბრედლი ჩადის სამუშაოდ კარგ საფეხბურთო გარემოზე უნდა მიუთითებდეს.

“მსოფლიო სპორტი” “სტაბეკის” ქართველ ფეხბურთელს ნორვეგიაში დაუკავშირდა და სხვადასხვა, საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო თემაზე ესაუბრა.

პირველად როდის დაინტერესდით ფეხბურთით და რას უკავშირდებოდა ეს დაინტერესება?

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ბურთი და თუ რამე მრგვალს ვნახავდი, ყველაფერს ბურთს ვეძახდი. ამ სიყვარულის გამო 5 წლის ასაკში შემიყვანეს ფეხბურთზე.

ადამიანები, რომლებმაც თქვენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

უპირველესად მადლობა ლექსო თოფურიას, ვასილ მაისურაძეს და ჩემს პირად მწვრთნელ ჯუბა აბაშიძეს, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მიტარებდა ტაქტიკურ-თეორიულ გაკვეთილებს, რაც დიდად დამეხმარა განვითარებაში.

“სტაბეკში” გადასვლამდე რა იცოდით ნორვეგიული ფეხბურთის შესახებ?

ძალიან ცოტა რამ. ვერასდროს ვიფიქრები, რომ მომიწევდა ნორვეგიაში თამაში.

ბობ ბრედლის როგორ დაახასიათებთ?

მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. იცით ალბათ, რომ იყო ამერიკისა და ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი. მას აქვს დიდი გამოცდილება.

ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ხშირად შემოდის. იგი მეგობრული, ამავდროულად კი მომთხოვნია.

რა რჩევებს გაძლევთ?

ორიენტირებულია შემტევი ფეხბურთის თამაშზე. უყვარს თამაშის დროს განლაგებების შეცვლა და ხშირად მესაუბრება განლაგებებთან დაკავშირებით. რა სურს რომ გავაკეთო მოედანზე.

ფეხბურთელთა ნაწილი პროფესიისადმი მეტი კონცენტრაციის მიზნით გუნდის ბაზაზე ცხოვრობს. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

ჩემს შემთხვევაში ასე არაა. ვცხოვრობ კერძო სახლში თანაგუნდელთან ერთად, თუმცა სპორტული რეჟიმის დაცვაში ხელი არ მეშლება.

სისტემატურად არ გიწევთ თამაში. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

უპირველესად იმას ვიტყვი, რომ სეზონი იწყება აპრილში და მთავრდება ნოემბერში, მე ჩასვლა მომიწია აგვისტოს ბოლოს, ამდროისთვის გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებული იყო და ჩემპიონატის დიდი ნაწილი გასული. ამას დაემატა ჩემი ინდივიდუალური მომზადება თვენახევრის განმავლობაში, რამაც ჩემი ფიზიკური კონდიციების გაზრდა განაპირობა. ამის შემდეგ ვითამაშე ძირითად შემადგენლობაში, თუმცა სეზონი მალე დასრულდა. იმედი მაქვს, მომავალი სეზონიდან ხშირად ვითამაშებ.

რითი გვისწრებს ნორვეგიული ფეხბურთი?

პირველყოვლისა ინფრასტრუქტურაზე უნდა ვთქვა. როგორც უმაღლესი, ასევე დაბალი ლიგის გუნდები უზრუნვეყოფილნი არიან გამართული ინფრასტრუქტურით. ყველა გუნდს ჰყავს ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, რაც მოთამაშეს ფიზიკური კონდიციების მაქსიმალურ გაზრდაში ეხმარება.

თამაშების გაშუქება ხდება ტელევიზიით, ტაქტიკურ-თეორიულ მომზადებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. პოპულარიზაციის მიზნით სულ მცირე თვეში ორჯერ ატარებენ შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან, გულშემატკივრებთან, უნარშეზღუდულებთან და ა.შ.

ყველაზე დიდ სიამოვნებას მაყურებელთა დასწრება მანიჭებს, რაც ქმნის სასიამოვნო საფეხბურთო ატმოსფეროს.

ბევრს საუბრობენ 16 წლის მარტინ ოდეგაარდის შესახებ. თავად თუ ნახეთ მისი თამაში?

კი ვნახე ოდეგაარდის თამაში. თამაშობს ძალიან თავისუფლად, ბურთს ფლობს კარგად, რაც დრიბლინგში ეხმარება. გუნდიც ხელს უწყობს განვითარებაში.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში გიორგი ქინქლაძის შესახებ ისაუბრეთ. იცოდნენ ქინქლაძის შესახებ თუ თქვენგან გაიგეს?

მეტ-ნაკლებად იცოდნენ. უფრო მწვრთნელმა და უფროსი ასაკის ხალხმა იცოდა, თანაგუნდელებმა კი ჩემგან გაიგეს მის შესახებ. მათ ვანახე ქინქლაძის ვიდეოები და ძალიან მოეწონათ.

დაუსვით ერთი კითხვა ფეხბურთის ღმერთს.

როდის ეშველება ქართულ ფეხბურთს? (იცინის). ვხუმრობ რა თქმა უნდა.

წარმოიდგინეთ, რომ გოლის გატანის შემთხვევაში გევალებათ მაისურის გახდა. რა წარწერას გაუკეთებდით შიდა მაისურს?

დიდება უფალს.

ქართველ ფეხბურთელებს ხშირად ჩვევიათ თამაშის დაწყებამდე ერთობლივი ლოცვა.”სტაბეკში” ყოფილა ასეთი შემთხვევა? თუ ფეხბურთელთა განსხვავებული აღმსარებლობებია ხელის შემშლელი?

სურვილისამებრ ყველა ინდივიდუალურად ლოცულობს და პრობლემა არავის ექმნება.

თქვენი სურვილის შემთხვევაში, რომელ ცნობილ მწვრთნელთან იმუშავებდით?

არსენ ვენგერთან. ბავშვობიდან მიყვარს “არსენალი”. ვენგერის მუშაობაში კი განსაკუთრებით მომწონს, მისი ახალგაზრდებისადმი მიდგომა.

გამოდის, რომ “სტაბეკის” შემდეგ “არსენალს” გულშემატკივრობთ

კი, ესეც შეიძლება ითქვას.

საქართველოში არის ტრადიცია, როცა ახალდაბადებულს ბაბუის სახელს არქმევენ. თქვენს შემთხვევაშიც ესე იყო?

კი (იცინის). ბაბუა მამის მხრიდან ასევე გიორგი გოროზიაა.

თქვენი საყვარელი ფილმი

Largo Winch

ბოლო დროს ძალიან პოპულარულია სერიალები. თავად თუ უყურებთ რომელიმეს?

მხოლოდ “ჩემი ცოლის დაქალებს.”

თქვენი საყვარელი რეჟისორი

რიდლი სკოტი

საყვარელი წიგნი

ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონი.”

ყველაზე ხშირად რომელ სიმღერას უსმენთ ?

უპირატესობას არც ერთს ვანიჭებ. უბრალოდ მომწონს მელოდიური სიმღერები.

ფეხბურთელი, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

რონალდინიო. მისი თამაში ძალიან მომწონდა, მოედანზე აკეთებდა იმას, რაც სურდა.

კითხულობთ ცნობილი ფეხბურთელების ავტობიოგრაფიულ წიგნებს?

წაკითხული მაქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნი. ახლა ვაპირებ ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნის წაკითხვას.

სამახსოვრო ფოტოს რომელ ცნობილ ფეხბურთელთან გადაიღებდით?

ასეთი ფოტო უკვე მაქვს. როდესაც 10-11 წლის ვიყავი სამახსოვრო ფოტო კახა კალაძესთან გადავიღე. ეს მოხდა 26 მარტს, ჩემს დაბადების დღეს.

მოედნის გარდა ყველაზე ხშირად სად შეიძლება თქვენი ნახვა?

სახლში.

თანაგუნდელებიდან ყველაზე ახლოს ვისთან ხართ?

მაიკ სტივენსთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს. მასთან ერთად ვცხოვრობდი, თუმცა ერთი კვირის წინ შევიტყვე, რომ ჩიკაგოში გადავიდა სათამაშოდ. ასევე არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს. “სტაბეკი” მეგობრული გუნდია და კონტაქტი არავისთან მიჭირს.

0.125801